სხდომის ოქმი N65

2011-05-27 18:16
სხდომის ოქმი N65

                         საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის

                                                                                            ოქმი #65

                                                                                                                              2011 წლის 27 მაისი


სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე

შ. მალაშხია.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები:

ბ. ბასიშვილი, რ. Fფიფია _ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია _ ფრაქცია “საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები“, რ. თედორაძე – დამოუკიდებელი დეპუტატი;



მ. ბასილაძე – ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი რედაქტორი, პროექტის პროდიუსერი;



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ა. წოწონავა;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თ. ხუბუა;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

ჯ. გამახარია;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები: ზ. გახარია, რ. გერგედავა, დ. დარსალია, ჯ. ლეთოდიანი, მ. ომანაძე, ხ. ქარდავა, რ. ცინდელიანი;



დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: ი. არჩუაშვილი,

ა. ბესელია, გ. გვასალია, დ. ლაცუზბაია, ნ. დურმიშიძე, გ. მაისურაძე,

ნ. პაპასკირი, ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია, თ. ჭახრაკია.







დღის წესრიგი:





პროექტ “ოკუპაციის” ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის ”ორი კატინი” ფრაგმენტების დემონსტრირება













სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ.



კომისის თავმჯდომარემ ისაუბრა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობის წინ 21-25 მაისს მიმდინარე აქციის რეალურ მიზნებსა და ამოცანებზე. ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე აქციებს პოლიტიკასთან საერთო არაფერი ჰქონდა და ის უფრო კრიმინალურ ხასიათს ატარებდა. ითქვა, რომ აქციის ორგანიზატორთა და მათ დამკვეთთა ჩანაფიქრი თავიდანვე ჩასაფუშად იყო განწირული, ვინაიდან თანამედროვე ქართული სახელმწიფო ვერ დაუშვებდა ქვეყნის დაბრუნებას 90-იანი წლების სიტუაციისკენ. ყოვლად წარმოუდგენელი იყო, რომ სახელმწიფოს დაეშვა საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავის საზეიმო აღნიშვნის ჩაშლა. მან შესაბამისი სტრუქტურებისაგან მოითხოვა ყველა საქმის დეტალური გამოძიება. ხაზი გაუსვა, რომ არავის არა აქვს უფლება სხვისი სიცოცხლით ივაჭროს და ქვეყანა დააბრუნოს ანარქიულ მდგომარეობაში. შ. მალაშხიამ გამოთქვა იმედი, რომ სამართალდამცავი ორგანოები ბოლომდე მიიყვანენ გამოძიებას და დამნაშავეები საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების ფარგლებში ღირსეულად დაისჯებიან, რათა მომავალში გამოირიცხოს მსგავსი მოვლენების განმეორება.



შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის “ოკუპაცია” ფარგლებში ”საზოგადოებრივი მაუწყებელის” დოკუმენტური ფილმების სტუდიამ დაასრულა მუშაობა მეშვიდე დოკუმენტურ ფილმზე. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით ფილმი ”ორი კატინი”, ეძღვნება……პოლონეთის ორმაგ ოკუპაციას ფაშისტური გერმანიისა და ბოლშევიკური სსრკ-ის მიერ. ხაზი გაესვა, რომ ფილმში კარგად ჩანს ნაცისტური და ბოლშევიკური რეჟიმების ერთნაირი ხელწერა და სინქრონული ქმედებები სამხედრო აგრესიის განხორციელების, ეთნიკური წმენდის ჩატარების…საკითხებში.…Y



შ. მალაშხიამ ყურადღება გაამახვილა 2008 წლის აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე და პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ფასდაუდებელ პირად წვლილზე, მის დამსახურებაზე ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე. ითქვა, რომ ყველაზე კრიტიკულ დღეებში სწორედ ლეხ კაჩინსკის პირადი ინიციატივით ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად ჩამოვიდნენ თბილისში მასთან ერთად უკრაინისა და ბალტიის სამი ქვეყნის: ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის პირველი პირები. შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ ლეხ კაჩინსკი იყო პირველი უცხოელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მეთაური, რომლის საქართველოსადმი ცალსახა მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად განაპირობა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისადმი ობიექტური საერთაშორისო გამოხმაურება და ის ფაქტიც, რომ შემდგომში, ეს მოვლენა შეფასებულ იქნა როგორც ოკუპაცია.



შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ სწორედ სხვა ხალხის ტკივილის გათავისება დაედო საფუძვლად საქართველოს პარლამენტის მიერ ამ დღეებში მიღებულ დადგენილებას მეფის რუსეთის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული ქმედებების გენოციდად აღიარების შესახებ. ითქვა, რომ ეს დადგენილება არის პირველი ნაბიჯი, იმ გზაზე, რომელიც მომავალში აუცილებლად მიგვიყვანს მთლიანად კავკასიის თავისუფლებასთან.



კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და ხაზი გაუსვა, რომ ისინი გარკვეულ წილად ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი. ამასთან დაკავშირებით, მან ხაზი გაუსვა სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციაში ქართველ სამხედროთა მონაწილეობის მნიშვნელობას.



შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ პოლონეთის პრეზიდენტი და პოლონეთის პოლიტიკური ელიტის 100-მდე თვალსაჩინო წარმომადგენელი დაიღუპა დღემდე ბუნდოვან და საეჭვო ვითარებაში. ითქვა, რომ ქართული სახელმწიფოს წინაშე…განსაკუთრებული წვლილის …გამო პოლონეთის აწ განსვენებულ პრეზიდენტს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, ხოლო თბილისის ცენტრში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა.



შ. მალაშხიამ პარალელი გაავლო ერთი მხრივ, ფაშისტური გერმანიისა და ბოლშევიკური რეჟიმის მიერ პოლონეთის პოლიტიკური, სამხედრო და ინტელექტუალური ელიტის წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებსა და მეორე მხრივ, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოში ჩატარებულ ანალოგიურ წმენდას შორის.



კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა ქართველ სამხედროთა მონაწილეობაზე ფაშისტებისგან ვარშავის გათავისუფლებისკენ მიმართულ აჟანყებაში, ასევე კატინის ტყეში “ნკვდ”-ს მიერ დახვრეტილ პოლონელ ოფიცრებთან ერთად, პოლონეთის არმიაში მყოფ დახვრეტილ ქართველ ოფიცრებზე.



შ. მალაშხიამ კვლავ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მაშინ, როდესაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულთათვის ფაშისტური რეჟიმი საერთაშორისო დონეზე კარგა ხანია გასამართლებულია, კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი, არანაკლები სიმძიმის დანაშაულობები ჯერჯერობით გასამართლებული არ არის, რაც საშუალებას აძლევს კრემლს განაგრძოს აგრესიული პოლიტიკა და განახორციელოს აგრესია ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკებზე დაკარგული გავლენის აღსადგენად.



შ. მალაშხიამ განმარტა, რომ პროექტის (“ოკუპაცია”) მიზანია, რეალურ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, საერთაშორისო თანამეგობრობას უჩვენოს, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ როგორც მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, ასევე საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულობების მთელი სიმძიმე, ასევე რეალურ დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობით დაასაბუთოს რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისადმი დასავლეთის ქვეყნების წაყრუების პოლიტიკის საშიშროება.



სხდომის მონაწილეებს უჩვენეს ნაწყვეტები ფილმიდან “ორი კატინი”.



აზრი გამოთქვეს: მ. ბასილაძემ, თ. ხუბუამ, ჯ. გამახარიამ.



,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარმა რედაქტორმა, პროექტის პროდიუსერმა მ. ბასილაძემ ხაზი გაუსვა, რომ ფილმი “ორი კატინი” პროექტის ფარგლებში გადაღებულ წინა ექვს ფილმთან შედარებით ყველაზე ნათლად და დასაბუთებულად Uუჩვენებს ტოტალიტარული ფაშისტური და კომუნისტური რეჟიმების ერთნაირ ბუნებას, ფილმში კარგად ჩანს სისტემური თანამშრომლობა ამ რეჟიმებს შორის, რომლის შესახებ მხოლოდ მეცნიერთა გარკვეულმა წრემ იცის. Mმოლოტოვ-რიბენტროპის აქტის საფუძველზე პოლონეთის სახელმწიფო გადაინაწილეს ფაშისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ორივე რეჟიმმა განახორციელა იდენტური ეთნიკური წმენდა. 400 ათასამდე პოლონელი იქნა დეპორტირებული ხაბჭოთა რეჟიმის მიერ და თითქმის ამდენივე _ ფაშისტური გერმანიის მიერ (საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპული ებრაელების ჩაუთვლელად).



სხდომის შედეგები შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე

შ. მალაშხიამ. მან აღნიშნა, რომ ფილმის დემონსტრირება მოხდება “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით 22.00 საათზე.





კომისიის თავმჯდომარე: შ. მალაშხია



კომისიის მდივანი: რ. ფიფია

 
modules