სხდომის ოქმი N64

2011-05-17 13:25
სხდომის ოქმი N64

                          საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის

                                                                                                ოქმი #64
                                                                                                                                        2011 წლის 13 მაისი


სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე

შ. მალაშხია.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები:

ბ. ბასიშვილი, რ. ფიფია _ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია - ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", რ. თედორაძე – დამოუკიდებელი დეპუტატი;

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ორთვინ ჰენნიგი;

მ. ბასილაძე – "საზოგადოებრივი მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი რედაქტორი, პროექტის პროდიუსერი;

დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: ი. არჩუაშვილი,

ა. ბესელია, გ. გვასალია, დ. ლაცუზბაია, ნ. დურმიშიძე, გ. მაისურაძე,

ნ. პაპასკირი, ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია, თ. ჭახრაკია.



დღის წესრიგი:

პროექტ "ოკუპაციის” ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის ”გერმანული ტრაგედია” ფრაგმენტების დემონსტრირება:

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ. მან აღნიშნა, რომ დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის "ოკუპაცია” ფარგლებში ”საზოგადოებრივი მაუწყებელის” დოკუმენტური ფილმების სტუდიამ დაასრულა მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე, ”გერმანული ტრაგედია”, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომის შედეგად გერმანიაში შექმნილ ვითარებას. შ. მალაშხიას განმარტებით, პროექტის "ოკუპაცია” მიზანია, რეალურ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, საერთაშორისო თანამეგობრობას უჩვენოს, რომ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხისა და სხვა ქვეყნების მიმართ ჩადენილი დანაშაულობები არა თუ არ ჩამოუვარდება, რიგ შემთხვევაში აჭარბებს კიდეც ფაშისტური გერმანიის მიერ ჩადენილ დანაშაულობებს. მაგალითისთვის მოტანილ იქნა საბჭოთა რეჟიმის მიერ უკრაინაში განხორციელებული ე. წ. "გოლოდომორის” ფაქტები, რომლის დროსაც ადამიანები მიყვანილ იქნენ იმ მდგომარეობამდე, რომ შიმშილისგან თავის დაღწევის მიზნით, ფსიქიკამოშლილი უკრაინელები საკუთარი ოჯახის წევრებს კლავდნენ და საკვებად იყენებდნენ (იმ დროს ასეთი ფაქტები ათასობით დაფიქსირდა). ითქვა, რომ ალბათ, ასეთი შემზარავი სახის და ასეთი მასშტაბის დანაშაული თვით "ჰოლოკოსტის” დროსაც არ მომხდარა. ამასთან ერთად, კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ თუ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულობებისთვის ფაშისტური რეჟიმი საერთაშორისო დონეზე გასამართლებულია, კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი, არანაკლები სიმძიმის დანაშაულობები ჯერჯერობით გასამართლებული არ არის, რაც საშუალებას აძლევს რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას, განაგრძოს წინამორბედი რეჟიმის აგრესიული პოლიტიკა და განახორციელოს აგრესია ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკებზე დაკარგული გავლენის აღსადგენად.

შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება ფაშისტურ და კომუნისტურ-ტოტალიტარულ რეჟიმებზე უფრო შორს წავიდა, როცა ეთნოწმენდამომხდარი ტერიტორიები "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” აღიარა. ითქვა, რომ მსგავსი რამ არ გაუკეთებია არც ფაშისტურ გერმანისა და არც საბჭოთა კავშირს.

შეეხო რა დოკუმენტურ ფილმს "გერმანული ტრაგედია”, შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ ორ მსოფლიო ომში, განსაკუთრებით კი, მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შედეგად გერმანიის სახელმწიფომ უდიდესი ზარალი განიცადა, მისი ეკონომიკა განადგურებული იყო, ტერიტორია დაიყო საოკუპაციო ზონებად. კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა გერმანული სახელმწიფოს თვით არსებობაც კი. შ. მალაშხიამ ისაუბრა ორი გერმანული სახელმწიფოს შექმნისა და "ცივი ომის” პირობებში ამ სახელმწიფოების მშენებლობის დასავლურ და საბჭოურ მეთოდებზე. იმ პერიოდში არსებულ დაპირისპირებებზე. ითქვა, რომ გერმანელ ხალხს დასჭირდა თითქმის ნახევარი საუკუნე იმისთვის, რათა განთავისუფლებულიყო საბჭოთა ოკუპაციისგან. დღეს გერმანია ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა.

კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა დასავლეთის სახელმწიფოების ძალისხმევას დემოკრატიულ ფასეულობებზე აგებული თანამედროვე გერმანიის სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში და ისაუბრა "მარშალის გეგმაზე”. აღნიშნა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თავის დროზე ნატო-ს შემადგენლობაში მიღებულ იქნა იმისდა მიუხედავად, რომ ქვეყანას არ ჰქონდა მოგვარებული ტერიტორიული პრობლემები. ეს ფაქტი, ასევე კვიპროსის მიღება ევროკავშირის შემადგენლობაში, შ. მალაშხიას აზრით, ქმნის პრეცედენტს იმისთვის, რომ საქართველო, მიუხედავად რუსეთის მიერ მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციისა, ასევე მიღებულ იქნეს ნატოს შემადგენლობაში. შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ თავის დროზე საქართველოსთვის "მაპის” მიცემაზე უარის თქმამ ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთს 2008 წლის აგვისტოში განეხორციელებინა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრული ოკუპაცია. შ. მალაშხიამ იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გამოიჩენს ისეთსავე ძალისხმევას საქართველოში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, როგორც ეს გააკეთა გერმანიასთან მიმართებაში.

შ. მალაშხიას თქმით, საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაცია საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსების საქმეა. კომისიის თავმჯდომარემ მოიტანა კონკრეტული ფაქტები, რომლებიც აშკარად ადასტურებენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელია რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგები და რომ მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. კერძოდ:

1. ე. წ. დამოუკიდებელი აფხაზეთი და ”სამხრეთ ოსეთი” დღესდღეობით რუსეთთან და ნაურუსთან ერთად ცნეს მხოლოდ ისეთი ქვეყნების ოდიოზურმა რეჟიმებმა, როგორიცაა ვენესუელა და ნიკარაგუა;

2. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარება.

კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული, საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომ გააქტიურებასთან ერთად აძლიერებს იმის იმედს, რომ დეოკუპაციის პროცესი მიიღებს შეუქცევად ხასიათს, დევნილები აუცილებლად დაუბრუნდებიან თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს და დაიბრუნებენ თავიანთ ქონებას.

შ. მალაშხია ასევე შეეხო იმ ფაქტსაც, რომ გერმანიის გაერთიანების მიუხედავად, იქ ჯერ კიდევ შეიმჩნევა გარკვეული მენტალური განსხვავება დასავლეთ გერმანიისა და ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მცხოვრებლებს შორის, ვინაიდან ნახევარი საუკუნის მანძილზე ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ცხოვრებას არ შეეძლო მოსახლეობაზე თავისი უარყოფითი კვალი არ დაეჩნია. კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი სახის პრობლემები უფრო ღრმად თავს იჩენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, ვინაიდან დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, დღეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობას ცხოვრება უწევს ტოტალიტარული რეჟიმების წნეხის ქვეშ, ახალგაზრდობა იზრდება ფალსიფიცირებულ ისტორიაზე და ფასეულობებზე. გარდა ამისა, რუსეთის მიერ იქ ხორციელდება დემოგრაფიული ექსპანსია და მიმდინარეობს ასიმილაციის პროცესი.

შ. მალაშხია მიესალმა სხდომაზე მოწვეულ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ორთვინ ჰენნიგს. კომისიის თავმჯდომარემ მადლიერებით აღნიშნა გერმანიის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოსთვის 1918-1921 წლებსა და 1992 წლიდან დღემდე გაწეული დახმარება, ასევე _ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის მხარდაჭერა. შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში განსახილველად შესულია დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურად აღიარებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს რუსეთის მიერ ოკუპირებულად და იმედი გამოთქვა, რომ გერმანიაც მიუერთდება იმ ქვეყნების სიას, რომლებმაც მსგავსი დოკუმენტები უკვე მიიღეს.

სხდომის მონაწილეებს უჩვენეს პროექტ "ოკუპაციის” ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის ”გერმანული ტრაგედია” ფრაგმენტები.

აზრი გამოთქვეს: მ. ბასილაძემ, ო. ჰენნიგმა.

”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარმა რედაქტორმა, პროექტის პროდიუსერმა მ. ბასილაძემ აღნიშნა, რომ ფილმი "გერმანული ტრაგედია” რიგით მეექვსე ფილმია აღნიშნული პროექტის ფარგლებში. ხაზი გაესვა, რომ წარმოდგენილ ფილმში, ისევე, როგორც ყველა წინამორბედში, რესპოდენტები ადგილობრივები არიან, ისინი, ვინც პირადად შეესწრო ფილმში ასახულ მოვლენებს. მ. ბასილაძემ ისაუბრა პირად განცდებზე, რაც მან განიცადა XX საუკუნეში ერთი ქვეყნის, ერთი ქალაქის ორად დაყოფის, ე. წ. "ბერლინის კედლით” გაყოფილი ოჯახის წევრების ისტორიაზე მუშაობისას.

საქართველოში გერმანიის ფედრაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ო. ჰენნიგმა მადლობა გადაუხადა კომისიის თავმჯდომარეს მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტური ფილმის ნაწყვეტების ნახვამ მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ელჩმა მ. ბასილაძის სახით მიულოცა მთელ შემოქმედებით კოლექტივს წარმატებული კინოპროდუქციის შექმნა.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ გასული საუკუნის განმავლობაში გერმანიას ორი მსოფლიო ომის…შედეგების გადატანა მოუხდა, რამაც მძიმე კვალი დატოვა მის ისტორიაზე და ხალხის მენტალიტეტზე, მაგრამ ქვეყანამ მისი დაძლევა მოახერხა. მან აღნიშნა, რომ გერმანელი ხალხი არასდროს არ ურიგდებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა არ ცნობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრები მოსახლეობის რეინტეგრირებას, უარს არ ამბობდა ჰუმანიტარულ აქციებზე და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ხელს შეუწყობს ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციას, თუკი ეს დაპირისპირების ორივე მხარეს მყოფი მოსახლეობის ნება იქნება.

ელჩმა განაცხადა, რომ მან საკუთარი გამოცდილებით იცის, როგორია იმ ადამიანის განცდა, რომელიც დეზინტეგრირებულ და დაყოფილ სახელმწიფოში ცხოვრობს და გამოხატა პირადი სიმპათიები საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. მან განაცხადა, რომ გერმანია მუდამ უჭერდა და კვლავ დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მის ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ სწრაფვას.

სხდომის დახურვისას შ. მალაშხიამ განაცხადა, რომ ფილმი "გერმანული ტრაგედია" დღეს, 22 საათზე საზოგადოებრივი არხის ეთერში გადაიცემა.

კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია



კომისიის მდივანი რ. ფიფია.

 
modules