პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ დაიწყო შეხვედრები გენდერული თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების მიზნით | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 24 აპრილი 2013 19:14

გენდერული თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკა - ამ თემაზე პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ დღეს დაიწყო შეხვედრების ციკლი, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება. იგი მიზნად ისახავს საკანონმდებლო დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის წახალისებას, რაც გულისხმობს ქალთა ფართო წარმომადგენლობას ადგილობრივ თვითმმართველობებში, ასევე კვოტური სისტემის შემოღებას არჩევით თანამდებობებსა და პოლიტიკური პარტიების სიებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით. იგეგმება გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება.

შეხვედრები ორგანიზებულია გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ მხარდაჭერით.
პირველი შეხვედრა გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანან კობახიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმი წარმომადგენლის მოადგილემ ინიტა პაულოვიჩამ.
დღევანდელ შეხვედრაში პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგილაშვილმა ისაუბრა დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარებიის სტრატეგიის შესახებ 2013-2014 წლებში. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მთავრობაში არსებული თვითმმართველი და რეგიონული უსაფრთხოების მრჩეველთა ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს.
„ქალთა პოლიტიკური გააქტიურება და ქალთა უფრო მეტი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობებში დღევანდელი ჩვენი პოლიტიკის მნიშვნელოვანი თემებია. ვისაუბრეთ თვითმმართველობის შესახებ მოქმედ კანონმდებლობაზე, ასევე იმ კონცეფციაზე რომელიც მომზადებულია და ასევე სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის შესახებ კანონზე, რომელიც შემოსულია პარლამენტში, თუმცა მისი განხილვა ჯერ არ დამთავრებულა. ვფიქრობ, ბევრი ცვლილეებაა მოსალოდნელი წარმოდგენილ კანონპროექტში, განსაკუთრებით გენდერულ ჭრილში, თუ რამდენად ექნებათ შესაძლებლობა სოფელში დასახლებულ ქალებს აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ თვითმმართველობაში, ანუ ადგილობრივ საბჭოებში არჩევის გზით, თავიანთი სოფლის დაბის პრობლემების გადაწყვეტაში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა უნდა ჩაიდოს კანონმდებლობაში, რომ სხვადასხვა დონის მმართველობაში ქალთა თანაბარი რაოდენობა იყოს უზრუნველყოფილი. გაჩნდა იმის შანსი, რომ გენდერული თანასწორობის დამკვიდრების მიმართულებით ბევრად უკეთესი კანონმდებლობა მივიღოთ“, - განაცხადა მანანა კობახიძემ შეხვედრის შემდეგ.

დღესვე შედგა შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციულ ჯგუფთან და „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად“ გლობალურ სამოქმედო გეგმაში ჩართულ პარტიებთან. იმსჯელეს საკანონმდებლო ინიციატივებზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის წახალისების შესახებ.
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო მომდევნო ორ დღეს დაუთმობს სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს „გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2014 – 2016 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შემუშავების მიზნით.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 25 აპრილი 2013 18:49