პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შეხვედრა ეროვნულ საკოორდინაციო ჯგუფთან | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 18 ივლისი 2013 17:59

2013 წლის იანვრიდან ექვსი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გამართულ შეხვედრაზე. 

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე ითქვა, რომ გენდერული საბჭოს მიზანია მაქსიმალურად იყოს დაცული ქალთა და გოგონათა უფლებები ქვეყანაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონფლიქტურ რეგიონებსა და მის ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ქალებს, სწორედ ამიტომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მიხედვით შედგენილი ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში ჩართული არიან საქართველოს შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და სხვა სამინისტროების, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც შეხვერდაზე დეტალურად ისაუბრეს არსებული პრობლემების შესახებ და უკვე გაწეული და დაგეგმილი საქმიანობის თაობაზე. შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მთელი რიგი პრობლემის გადასაჭრელად უწყებების საქმიანობის მეტი კოორდინაციაა საჭირო. 
შეხვედრა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ერიკა კვაპილოვამ გახსნეს.
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა წელს უკვე მეორედ გაიმართა. სამუშაო შეხვედრები სისტემატურად გაიმართება.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 18 ივლისი 2013 19:20