„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონპროექტის განხილვას პარლამენტი სექტემბერში მიუბრუნდება. აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. „საკითხი იმაზე უფრო კომპლექსური და რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეს კონკრეტული მოქალაქეების პრობლემაა. მას საფუძვლიანი შესწავლა და ღონისძიებების გატარება სჭირდება. აღმასრულებელი ხელისუფლება და საკანონმდებლო ორგანო ამ თემაზე აქტიურად მუშაობს. იუსტიციის სამინისტრო ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც „იპოთეკართა“ თემას შეეხება. პროექტი დაარეგულირებს ამ ტიპის საკითხებს, რათა სამომავლოდ ასეთი მძიმე ვითარება ნაკლებად შეიქმნას. ამასთან, ერთი ტიპის პრობლემის მოგვარების მცდელობისას, ჩვენი გადაწყვეტილებით, ჩვენივე მოქალაქეებისთვის არ უნდა შევქმნათ დამატებითი პრობლემები. უნდა დავიცვათ საკუთრების უფლება, უნდა გავუფრთხილდეთ საბანკო სისტემის მდგრადობას, ეკონომიკურ წინსვლას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პარლამენტმა I მოსმენით, 91 ხმით, ერთხმად მიიღო. საქართველოს პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივის მიხედვით, ორგანული კანონის პროექტი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებზე გასანაწილებელი თანხების გაანგარიშებისა და საბაზო დაფინანსების გაზრდის საკითხებს, ასევე, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე 7 საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტისათვის, რომლებიც არ არიან პარლამენტში წარმოდგენილნი, საბაზო დაფინანსების ნახევრის ერთჯერადად მიცემის წესსა და პირობებს ეხება. „დღეის მდგომარეობით, ამ კანონის ამოქმედებამდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 პოლიტიკური პარტია ფინანსდება. აქედან 7 საპარლამენტო პარტიაა. დანარჩენი 7 კი ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ფინანსდებიან“, - განმარტა დეპუტატმა პროექტის წარდგენისას. მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, თოთხმეტივე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის ხდება საბაზისო დაფინანსების ზრდა. ისინი წელიწადში 150 ათასი ლარის ნაცვლად 300 000 ლარს მიიღებენ. ასევე, ცვლილების თანახმად, პარტიების დაფინანსების ნაწილში შემოდის ახალი კომპონენტი და ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ბოლო საპარლამენტო არჩევნების მიზნით რეგისტრირებული იყვნენ ცესკო-ში, ჰყავთ თავიანთი წარმომადგენელი პარლამენტში და შექმნიან ფრაქციას, ასევე დამატებით ანაზღაურების სახით მიიღებენ წლის განმავლობაში 300 000 ლარს. ასევე საუკეთესო 7 პოლიტიკური პარტია, რომელთაც ბოლო საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ვერ გადალახეს დაწესებული ბარიერი, მიიღებს საბაზისო დაფინანსების ნახევარს - 150-150 ათასი ლარის ოდენობით“, - განმარტა დეპუტატმა. როგორც მან პროექტის წარდგენისას აღნიშნა, წარმოდგენილი ცვლილებები შეჯერებულია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის შექნილ ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაფინანსების წესი და ფორმულა დახვეწას მოითხოვს. „ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შევიმუშაოთ ახალი ფორმულა“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. პროექტს მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. შენიშვნები, რომელიც უმცირესობის მიერ კანონპროექტის განხილვისას იყო გამოთქმული, დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებული ნორმების ტექნიკურ დახვეწას და კანონში უფრო მკაფიო ჩანაწერების გაკეთებას უკავშირდება. კანონპროექტის განხილვისას პარტიების დაფინანსების წესი უმრავლესობის წევრმა, „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძემ გააპროტესტა. მისი შეფასებით, პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ კანონპროექტს დაფინანსების წესის დახვეწასთან საერთო არაფერი აქვს. „ორი პოლიტიკური ორგანიზაცია, „მწვანეთა პარტია“ და „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარმოდგენილი, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ ბრძოლაში ხელი არ შეეშალა. პროექტის თანახმად, ჩვენი პარტიები დაფინანსებას არ მიიღებენ. არადა, ეს ორი პარტია პარლამენტში წარმოდგენილი ვართ პარტიის სახელით და ის არგუმენტი, რომ ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა არ მიგვიღია, არ არის სწორი“, - მიმართა გიორგი გაჩეჩილაძემ ზაქარია ქუცნაშვილს. როგორც მოგვიანებით სხდომაზე გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, იგი საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქციის არც ერთ სხდომას, პროტესტის ნიშნად, არ დაესწრება. როგორც დეპუტატი აცხადებს, იგი უმრაველობის შემადგენლობაში რჩება, მანამ, სანამ კოალიციაში ბიძინა ივანიშვილია. „ნორმალური ორგანიზაცია ალბათ მიიღებდა გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა გუნდი, რომელშიც მოღვაწოებს, მაგრამ უმრავლესობიდან „მწვანეთა პარტიის“ გასვლა სერიოზულ პრობლემას შეუქმნის სახელმწიფოს საგარეო არენაზე, განსაკუთრებით ევროპის პარლამენტში“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ. „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტები I მოსმენით განიხილეს კანონმდებლებმა დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივით, ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ, ინტელექტუალურ ან სულიერ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების განთავსება ან საჯარო ინფორმაციის მიწოდება, იკრძალება. ასევე, ფართოვდება მავნე ზეგავლენის ცნების განმარტება, წესდება ასაკობრივი ზღვარი არასრულწლოვანთა აზარტულ სათამაშო დაწესებულებებში და შვებისათვის. პარლამენტის წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. სხდომაზე III მოსმენით განიხილეს და 75 ხმით, 14 წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტს. დღესვე, პარლამენტმა 80 ხმით, 1 წინააღმდეგ I მოსმენით, მხარი დაუჭირა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა ხვალ, 10:30 სთ-ზე გაიმართება.