ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 07 აგვისტო 2013 13:04

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი მოსამართლეებისთვის: მერაბ ტურავასთვის, ნინო გვენეტაძისთვის, თამარ ლალიაშვილისთვის და მურმან ისაევისთვის უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი შეისწავლა და პოლიტიკურ დევნად შეაფასა. 

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა კომიტეტის დასკვნა განიხილეს და პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის გადაწყვეტილება მიიღეს. „დასახელებული მოსამართლეების მიმართ ყოფილი ხელისუფლების სამივე შტოს მხრიდან დასტურდება პოლიტიკური მოტივით დისციპლინური დევნის ფაქტი. ეს მოსამართლეები გამოირჩეოდენენ თავიანთი მიუკერძოებლობითა და დამოუკიდებლობით, საზოგადოებაში სარგებლობდნენ მაღალი რეპუტაციით, არიან სამართლის სფეროში აღიარებული სპეციალისტები, რასაც ადასტურებს მათი სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილება. კომიტეტი იზიარებს თვალსაზრისს, რომ მათ მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნა სამართლის ნორმის ინტერპრეტაციისათვის წარმოადგენდა მხოლოდ საბაბს, რადგან სხვაგვარად ვერ მოხდებოდა მათი გათავისუფლება სამოსამართლეო უფლებამოსილების ათწლიანი ვადის ამოწურვამდე“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ. მისივე განმარტებით, საქართველოს პარლამენტმა უნდა იმსჯელოს მოსამართლეების დარღვეული უფლებების აღდგენის თაობაზე. 

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 07 აგვისტო 2013 14:47