|
პარლამენტის წევრებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე დეპუტატებმა განცხადებები გააკეთეს. გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი თემა 2008 წლის 8 აგვისტოს განხორციელებული რუსული აგრესია იყო. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გაბაშვილი თავის გამოსვლაში რუსეთის პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც გუშინ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა. გიორგი გაბაშვილის განცხადებით, დიმიტრი მედვედევის გუშინდელ ინტერვიუში მან "საქართველოსადმი ურცხვი და ცინიკური დამოკიდებულება" დაინახა. ,,მან თქვა, რომ ურთიერთობების აღდგენა საქართველოსთან შესაძლებელია მას შემდეგ, რაც საქართველო შეეგუება ე.წ. ახალ რეალობას და ეს ახალი რეალობა სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ სამხრეთ კავკასიაში 5 სახელმწიფოა და არა სამი და რომ რუსეთს საქართველოში სამი საელჩო ექნება და არა - ერთი. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს არ აქვს უფლება დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა ჰქონდეს. ასე, რომ, გუშინ ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ურცხვი და ცინიკური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როცა მედვედევი ისევ ცდილობდა გაემართლებინა საქართველოს ოკუპაცია და საქართველოში შემოჭრა, ეთნიკური წმენდა, ქართული სოფლების განადგურება და ისევ ურცხვად ცდილობდა ეს ყველაფერი წარმოეჩინა ეთნიკურ კონფლიქტებად, მაშინ, როცა ვიცით, რომ ეს არ არის არანაირი ეთნიკური კონფლიქტები“,-აღნიშნა გიორგი გაბაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჟვანია თავის განცხადებაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიასთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანას გამოეხმაურა და კოლეგებს რეალური სასამართლო რეფორმის დაწყებისკენ მოუწოდა. ,,ჩვენი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში და ჩვენ გვაქვს სერიოზული ვალდებულება საზოგადოების წინაშე ეს დაპირება შევასრულოთ. თუ საქართველო სამართლიანი არ იქნება, ჩვენ ვერ ვიქნებით წარმატებული ქვეყანა. 300 000 ადამიანია გასამართლებული და დასჯილი სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის პირობებში. ვინ ახორციელებდა ამ ყველაფერს? მე მგონი ზუსტად ის მოსამართლეები, რომლებმაც ამ დღეებში, არაფრად ჩააგდეს ათეულობით დაზარალებულის ჩვენება და ახალაიას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს. უფრო მეტიც, აშკარაა, რომ სასამართლოები კვლავაც იმყოფებიან სააკაშვილის მონურ მორჩილებაში. ჩვენ ძალიან სერიოზული, პოლიტიკური გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები. აშკარაა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალადობას ახორციელებდნენ თავის საზოგადოებაზე, ამ ქვეყანაში სამართალს ვერ დაამკვიდრებენ. ჩვენ მე მგონი, უნდა დავიწყოთ რეალური სასამართლო რეფორმა და არ აქვს მნიშვნელობა, რა რეაქცია ექნება დასავლეთში ამა თუ იმ პოლიტიკოსს. ჩვენ ანგარიშვალდებულნი ვართ ჩვენი ამომრჩევლის, ჩვენი საზოგადოების წინაშე და ამ ამომრჩევლის უპირველესი მოთხოვნა არის სამართლიანობის აღდგენა. იმედია, უმრავლესობის წევრები იზიარებთ ამ პათოსს და ჩვენ ამ პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ", - განაცხადა გიორგი ჟვანიამ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ოპონენტები სიცრუეში დაადანაშაულა, როდესაც ისინი კრიმინალის მატებასთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ. "იმ ფონზე, როდესაც 14 000-ზე მეტი პატიმარი არის გამოსული არა მხოლოდ ამნისტიით, სხვა ჰუმანური გადაწყვეტილებებით, ძალიან მნიშვნელოვანი და საიმედოა საზოგადოებისთვის ის ინფორმაცია, რომელიც გუშინ საჯაროდ გაცხადდა. 7 თვის მონაცემების მიხედვით, 2012 წლის სწორედ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობის კლება არის 4 126-ით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ოპონენტები მუდმივად უკიჟინებენ საზოგადოებას, რომ დანაშაულმა იმატა. ეს არის სიცრუე. ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს იმას, რომ მომხდარი დანაშაული 2013 წელს ამ დროისთვის არის 16 590, როდესაც გასულ წელს იყო 20 716. გახსნის მაჩვენებლი გასულ წელს ამ დროისთვის 23% იყო, დღეისთვის არის 53.3%. ეს არის ის ციფრები, რომლებიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, იმიტომ რომ განცდა იმისა, რომ შესაბამისი სტრუქტურები მაქსიმალური ეფექტურობით მუშაობს, მნიშვნელოვანია", - განაცხადა ეკა ბესელიამ. პლენარულმა სხდომამ დაჩაქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებზე გასანაწილებელი თანხების გაანგარიშებისა და საბაზო დაფინანსების გაზრდის საკითხებს, ასევე, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საუკეთესო შედეგის მქონე 7 საარჩევნო სუბიექტისთვის, რომლებიც არ არიან პარლამენტში წარმოდგენილნი, საბაზო დაფინანსების ნახევრის ერთჯერადად მიცემის წესსა და პირობებს. პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები შეჯერებული იყო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის შექმნილ ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში. ცვლილებების შედეგად, მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18 პოლიტიკური პარტია დაფინანსდება. პარლამენტის რიგგარეშე სესიამ დღეს მუშაობა დაასრულა. სესიის დახურვისას შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
|