დავით საგანელიძე ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა | ბეჭდვა |
კვირა, 11 აგვისტო 2013 17:49

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჩენ ჯიანფუსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. 

ჩენ ჯიანფუს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის ვადა ეწურება და მას თვის ბოლოსთვის ჩინეთიდან უკვე სხვა დიპლომატი შეცვლის.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველომ და ქართველმა ხალხმა. „ჩინეთში ვბრუნდები, თუმცა, ისევ ისეთი მონდომებით გავაგრძელებ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღმავებას, რასაც აქ ყოფნის პერიოდში მუდმივად ვაკეთებდი“, – განაცხადა ელჩმა.
„ჩენ ჯიანფუ გამორჩეული ელჩია. მისი საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის განხორციელების პერიოდში ჩინეთთან ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობები სამჯერ გაიზარდა და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. როგორც ელჩი დაგვპირდა, ის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღმავებას კვლავაც შეუწყობს ხელს“, – განაცხადა დავით საგანელიძემ. მისივე თქმით, ჩენ ძიანფუს თვის ბოლოს ახალი ელჩი შეცვლის, რომელიც ამჟამად ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სასაზღვრო და ზღვისპირა დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
დავით საგანელიძემ ჩინელ დიპლომატს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 13 აგვისტო 2013 21:15