პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართველი ჯარისკაცების ფოტოები და წერილები გამოიფინა | ბეჭდვა |
ორშაბათი, 12 აგვისტო 2013 21:18

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნატოს სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების წერილები და ფოტოები, სახელწოდებით, „წერილები ავღანეთიდან“ გამოიფინა. 

ფოტოები თავად ჯარისკაცების მიერ ჰელმანდის პროვინციაშია გადაღებული.
გამოფენა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მხარდაჭერით და სამხედრო ჟურნალისტის და აფხაზეთის ომის ვეტერანის, ზაირა მიქატაძის ინიციატივით განხორციელდა, რომელსაც პარლამენტის წევრები გიორგი გოზალაშვილი და დავით ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის მისია, რასაც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ასრულებენ. თითოეული ჩვენგანის ვალია მათი მხარდაჭერა. ჩვენი მისიაა მსოფლიოს დავანახოთ თუ რარიგად იბრძვის ტერიტორიულად პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის და ტრადიციების მქონე ქვეყანა მსოფლიოს სხვა ცივილიზაციისა და დემოკრატიის მოწყობაში. ამაში თქვენ დიდი როლი მიგიძღვით ჩვენო ვაჟკაცებო“, - მიმართა მოწვეულ ჯარისკაცებს დავით ლორთქიფანიძემ.
„აქ წარმოდგენილი ნამუშევრები ჩვენი ჯარისკაცების გმირობას ასახავს. ასეთი ღონისძიებები ტრადიციად უნდა იქცეს. თითოეულმა ჯარისკაცმა უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე“, - აღნიშნა გიორგი გოზალიშვილმა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, იმ დღეების, იმ ცხოვრების წესის საზოგადოებისთვის გაცნობა, რასაც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ეწევიან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას აკეთებს და როგორ ცხოვრობს იქ მისი ჯარისკაცი“, - განაცხადა შეიარაღებული ძალების სერჟანტმა, ალუდა კოპალიანმა.
მისი თქმით, ასეთი გამოფენა დიდი მოტივაციაა ჯარისკაცისთვის რომ მასზე დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულოს.
„საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ოჯახის, საკუთარი სოცოცხლის დაცვაც მოიაზრება", - განაცხადა ღონისძიების ინიციატორმა ზაირა მიქატაძემ.
ფოტოგამოფენის დათვალიერება ჩვენს თანამემამულეებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში თვის ბოლომდე შეეძლებათ, რის შემდეგაც ნამუშევრები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამოიფინება.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 13 აგვისტო 2013 13:22