დავით უსუფაშვილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2013 19:55

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდნენ. მათ ცენტრში დაცული უძველესი, უნიკალური ხელნაწერი წიგნები და ისტორიული დოკუმენტები ცენტრის დირექტორმა, ბუბა კუდავამ დაათვალიერებინა.

ცენტრის ხელმძღვანელისგან სტუმრებმა უმნიშვნელოვანესი ძეგლების მოვლა-პატრონობისთვის აუცილებელი და გადაუდებელი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

„სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქართული კულტურის ეს უმნიშვნელოვანესი და უნიკალური საგანძური სათანადოდ იყოს მოვლილი და წარმოჩენილი მსოფლიოსათვის. სახელმწიფოს ვალდებულებაა, გააკეთოს ყველაფერი, რათა აქ დაცული ძეგლების უსაფრთხოებისთვის შექმნილი იყოს საუკეთესო პირობები“, – აღნიშნა ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ჩვენი სიამაყე, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული კერა, უნიკალური ექსპონატები არასახარბიელო მდგომარეობაშია. იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლა ის იმყოფება, არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მუდამ ვსაუბრობთ საქართველოს არამატერიალურ კულტურაზე, თუმცა, ქვეყნის მატერიალური საგანძური სწორედ ამ ინსტიტუტშია შენახული“, – აღნიშნა შეხვედრისას გუბაზ სანიკიძემ.

როგორც აღინიშნა, იხილება ცენტრის განვითარების რამდენიმე ვერსია. საქართველოს პარლამენტმა ცენტრს ამ მიზნის განხორციელებისთვის მზადყოფნა, მაქსიმალური თანადგომა და დახმარება აღუთქვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ  სტუმრებმა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. 

DSC 4209

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2013 17:46