დავით უსუფაშვილმა კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის საბურთალოს რაიონის ოფისი გახსნა | ბეჭდვა |
ორშაბათი, 02 სექტემბერი 2013 18:23

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება უსურვა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი მალე გახდება საქართველოს პრეზიდენტი, ყველას პრეზიდენტი. „ეს არის ჩვენი ერთ-ერთი დევიზი, რომ ჩვენი კანდიდატი გახდეს საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, ამას ის დაამტკიცებს პირველ რიგში იმ ადამიანებისადმი მოპყრობით, რომლებიც მას ხმას არ მისცემენ ამ არჩევნებში. უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ის ცუდი ტრადიცია, რაც დღემდე იყო, რომ ვირჩევდით ადამიანებს თითქმის ასპროცენტიანი მხარდაჭერით, ემოციურად და მერე ორ თვეში გვინდოდა მათი გადაყენება.
„დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი გააკეთებს გონივრულ, სწორ არჩევანს, და გიორგი კოალიციასთან ერთად უკვე ახალ როლში შეუდგება ქვეყნის სამსახურს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის საბურთალოს რაიონის ოფისის გახსნისას.
ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებში დავით უსუფაშვილმა ისაუბრა ადიგენის რაიონში მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზეც და განაცხადა, რომ „ყველა რელიგიური წარმომადგენელი, სასულიერო პირი უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და კანონები, რაც დასაცავია მშენებლობის დროს, დემონსტრაციის დროს, რწმენისა თუ აღმსარებლობის გამოხატვის დროს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია - მართლმადიდებლური ეკლესია, სხვა რელიგიური მიმართულებები, სასულიერო პირები, თუ პარლამენტის წევრები“. მისი თქმით, „ე.წ.მინარეთის პრობლემა ძალიან კომპლექსური პრობლემაა. დიდი სიფრთხილე, ყურადღება და სერიოზული ანალიზია საჭირო ასეთი მოვლენების დროს. როდესაც ერთი ღამის განმავლობაში სასულიერო-საკულტო ნაგებობის აშენება უკანონდ ხდება, ამის გამკეთებლს რაღაც ბოლომდე გააზრებული არა აქვს, ან აქვს გააზრებული, მაგრამ არც ისე სასიკეთო და სახელმწიფოებრივი მიდგომით ხელმძღვანელობს. ასევე დიდი ყურადღებაა საჭირო არასწორად და უკანონოდ აშენებული ნაგებობის ერთ ღამეში დემონტაჟთან დაკავშირებით, საჭიროა მეტი ახსნა-განმარტება საზოგადოებისთვის, მრევლისთვის. აღნიშნულ საკითხს რამდენიმე დღით მეტი რომ დათმობოდა და წინასწარ გვეთქვა ის, რაც პოსტ-ფაქტუმ ითქვა, ამ თემას ნაკლებად პრობლემური ხასიათი მიეცემოდა რელიგიური თვალსაზრისით“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის შესახებაც და განაცხადა: „ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზეც აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს დიდად აღარ ითვალისწინებს და ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი საქართველოს არ ჰყავს ელჩები, ვინაიდან პრეზიდენტს აქვს პერსონალური, სრულიად გაუგებარი თემები და საკითხები კანდიდატებთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ საელჩოებისა და უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიურობით ამ ქვეყნებთან ვინარჩუნებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს. უახლოეს ხანში კი, არჩევნების შემდეგ ეს საკითხიც მოგვარდება და ქვეყანა იქნება წელში გამართული დიპლომატების თვალსაზრისით“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 03 სექტემბერი 2013 10:36