|

შვედეთისა და საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე და დემოკრატიის განვითარების პროცესში შვედეთის მიერ საქართველოსათვის გაწეული დახმარების თაობაზე საუბრობდნენ დღეს თბილისში, სასტუმრო "თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და შვედეთის სამეფოს რიკსდაგის სპიკერი პერ ვესტერბერი. შეხვედრისას მხარეები ვილნიუსში დაგეგმილ სამიტსაც შეეხნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, "შვედეთი საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთი ყველაზე ნაცადი და საიმედო მეგობარი სახელმწიფოა. ძალიან ძნელია ადეკვატურად შევაფასოთ შვედეთის მთავრობისა და დიპლომატიის დახმარების მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. შვედეთი ის ქვეყანაა, რომელიც მხარს უჭერს და სერიოზული წვლილი შეაქვს საქართველოში ევროკავშირის მისიის არსებობაში, რაც არსებულ რეალობაში ერთადერთი მექანიზმია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად. ძალიან სერიოზულია ის დახმარება, რომელსაც საქართველო იღებს დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით.
დღევანდელი ვიზიტი არის სერიოზული დემონსტრირება ამისა, ვინაიდან შვედეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს პარლამენტი თანამშრომლობისთვის პარტნიორ პარლამენტად შეარჩია. ეს თანაშრომლობა მომავალი წელიწადნახევრის განმავლობაში ძალიან ბევრ ღონისძიებაში გამოიხატება, რომლის მიზანი იქნება საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციონალური განვითარება და იმ გამოცდილების გაზიარება, რაც ჩვენ იმ პარლამენტისგან უნდა ვისწავლოთ, რომელსაც ოთხასწლოვანი გამოცდილება აქვს შვედეთში". შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა, სადაც უსუფაშვილმა საქართველოსადმი შვედეთის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება, “საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამაში, რადგან მივიღეთ ძალიან საინტერესო რჩევები იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც თავად ხელმძღვანელობდნენ თავიანთ ქვეყანას, მთავრობას, პარლამენტს როცა შვედეთი ევროკავშირის წევრი გახდა. ამ თვალსაზრისითაც მათი გამოცდილება ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვნია", - განაცხადა უსუფაშვილმა. შვედეთის საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის სპიკერის ხელმძღვანელობით საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საპარლამენტო ოპოზიციას და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.
|