ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტში | ბეჭდვა |
სამშაბათი, 03 სექტემბერი 2013 19:04

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, ევროპარლამენტში, ევროპის კონსერვატორ რეფორმისტთა პოლიტიკური ჯგუფის მიერ ორგანიზებულ საჯარო მოსმენაზე - „საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე-პრობლემები და გამოწვევები“ სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის მოლოდინებზე გაამახვილა ყურადღება. 
სიტყვით გამოსვლის შემდეგ მან მოდერატორის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რომელიც ქვეყნის საშინაო პოლიტიკას, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოს ენერგო უსაფრთხოებას და სხვა მიშვნელოვანს საკითხებს ეხებოდა. ღონისძიების პირველ პანელზე გამოსვლელებს შორის იყვნენ ანა ფოტიგა, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის კონსერვატორ რეფორმისტთა საბჭოს ვიცე პრეზიდეტი და საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი.

ექსპერტთა პანელზე სიტყვით წარსდგნენ როგორც პოლონელი ექსპერტები, ასევე საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.  მესამე პანელზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ბარამიძე, პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი, თბილისის მერი და კახეთის გუბერნატორი გამოვიდნენ.
დღესვე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპის სახალხო პარტიის წევრ იაცეკ სარიუშ-ვოლსკისთან და ევროპის კონსერვატორ რეფორმისტთა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელ პაველ რობერტ კოვალთან.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 12:13