|
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
სამშაბათი, 03 სექტემბერი 2013 20:02 |
|

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს, რომლებიც საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს. კომიტეტის წევრებმა 11 სხვადასხვა კანონისგან შემდგარი კანონპროექტთა პაკეტი I მოსმენით განიხილეს, რომელთა ძირითად არსს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეცვლა და კონტრასიგნაცია წარმოადგენდა. ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონპროექტები დაჩქარებული წესით იხილება, შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების მიღება პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომებზე მოხდება. კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის ინფორმაციით, კანონპროექტთა ჩამონათვალს კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა დაემატება, რომლის განხილვასაც კომიტეტი ხუთშაბათის საკომიტეტო სხდომაზე გეგმავს. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრის, პაატა ლეჟავას მიერ ინიცირებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიც განიხილეს. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, უშიშროების საბჭოს მდივანს და სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს თავიანთი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ იარაღის ტარების უფლება ენიჭებათ. კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატებს წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით მომზადებული მთავრობის საპარლამენტო მდივნის უარყოფითი დასკვნა გააცნო, თუმცა თავის მხრივ აღნიშნა, რომ მას კანონპროექტის მიმართ საწინააღმდეგო პოზიცია არ გააჩნია. საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად, 4 მომხრით, 2-ის წინააღმდეგ კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. რაც შეეხება დაჩქარებული წესით განსახილველ საკითხებს, კომიტეტის გადაწყვეტილებით, კანონპროექტებზე ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.
|
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 12:10 |