ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 03 სექტემბერი 2013 20:14

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი შვიდი კანონპროექტი.
პროექტის მიხედვით, იცვლება კანონის სათაური და მასში აისახება ,,ნარკოლოგიური მომსახურება“, ნაცვლად დღეისთვის არსებული ,,ნარკოლოგიური დახმარებისა. რიგი ცვლილებებია ტერმინთა განმარტებებში, ასევე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების კონტროლის სფეროში. კანონპროექტი სრულიად ახლებურად აყალიბებს უკანონო ბრუნვაში მოქცეულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, მნიშვნელოვან, დიდი, განსაკუთრებით დიდი და კომერციული ოდენობების შემუშვების წესებს, ადგენს ოდენობათა განსაზღვრის კრიტერიუმებს, განმარტავს ზიანის შემცირებისა და სარეაბილიტაციო პროგრამათა საფუძვლებს. ცვლილებების მიხედვით, ნარკოტიკის მოხმარებაზე აღარ იქნება გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუმცა დარჩება საკმაოდ მკაცრი სანქციები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. კერძოდ, ნარკოტიკის მოხმარების პირველ შემთხვევაზე გათვალისწინებულია 300 ლარი, მეორე შემთხვევაზე 600 ლარი, მესამე შემთხვევაზე კი 1500 ლარი ან 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. ამ შემთხვევაში მომხმარებელს აქვს არჩევანის უფლება. თუ ის თანხმობას განაცხადებს ნებაყოფლობით მკურნალობაზე, სანქცია აღარ დაეკისრება. ,,სანქციის ამოცანაა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის მკურნალობისკენ წაბიძგება და არა ბიუჯეტის შევსება ჯარიმების ხარჯზე. ეს არის ცენტრისტული კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ არც ის მდგომარეობა დარჩეს რაც დღეს არის, როდესაც 11 წლიანი ციხეა ნარკოტიკის მოხმარებაზე და არც ის, რომ დეკრიმინალიზაციის ნაცვლად ლეგალიზაცია მოვახდინოთ ნარკოტიკებზე“, - განაცხადა კობა დავითაშვილმა. მისივე განმარტებით, ნარკოტიკული ნივთიერებათა ნუსხაში ე.წ. სპაისების (მცენარეული სუბსტანციები გაჟღენთილი სინთეზური კანაბინოიდებით) ჯგუფიდან 230-ზე მეტი ნივთიერება მოხვდება, რომელთა გაყიდვა დაისჯება სისხლის სამართლებრივი წესით, ხოლო მოხმარება ადმინისტრაციული წესით. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრის, პაატა ლეჟავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. პროექტის მიხედვით, დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. ასეთი ბრალის წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ. კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება ტერმინი ,,ბრალდებული“. კომიტეტის წევრების უმრავლესობის აზრით, კანონპროექტით წარმოდგენილი მთავარი ცვლილება ზღუდავს როგორც გამოძიების, ასევე სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვადებს, რაც ხელს შეუშლის ობიექტურ და სრულყოფილ სამართალწარმობას, ხოლო ტერმინის ,,ბრალდებული“ ახალი განმარტება რაიმე არსებით სიახლეს არ შეიცავს. კანონპროექტთან დაკავშირებით უარყოფითი დასკვნა ჰქონდა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობას. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობის“ სახელით დააყენა წინადადება, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელოს სოფელ ჭელაში, მეჩეთიდან მინარეთის მოხსნის ფაქტთან და ამის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ჩიორა თაქთაქიშვილი შემოთავაზებას და შეთანხმდნენ, რომ კომიტეტი უახლოეს სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 12:08