საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 17:43

სხვადასხვა კანონებში შესატან ცვლილებათა პროექტები განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე უძღვებოდა. პარლამენტის წევრების თედო ჯაფარიძის და ანი მიროტაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები განსახილველად ანი მიროტაძემ გამოიტანა. მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა საქართველოს კონსტიტუციის იმ ცვლილებებმა გამოიწვია, რომლებიც 2013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. 

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტების მიმართ კომიტეტის წევრებს არსებითი ხასიათის შენიშვნები არ ჰქონდათ და ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კი, რომლის მიმართაც სხდომაზე კითხვები გაჩნდა, კანონპროექტის ავტორებს ეთხოვათ, რომ დამატებითი კონსულტაციები გამართონ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საპარლამენტო ფრაქციებთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მისი განხილვა.
კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს ასევე ეკვადორთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის შექმნის თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ზვიად კვაჭანტირაძემ კოლეგებს საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი გააცნო, რომლის მიხედვით აღნიშნული ჯგუფის შექმნის სურვილს ეკვადორელი პარლამენტარები გამოთქვამენ. „მათ დიდი სურვილი აქვთ ორივე ქვეყნის პარლამენტებში შეიქმნას მეგობრობის ჯგუფები, რაც ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის და თანამშრომლობის საწინდარი გახდება“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
კომიტეტი დაეთანხმა ეკვადორთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის შექმნას. ამ საკითხს განსახილველად პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიტანენ, საპარლამენტო ფრაქციებს კი ეთხოვათ, წარმოადგინონ ჯგუფის წევრების კანდიდატურები.
ზვიად კვაჭანტირაძემ წარმოადგინა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წლიური ანგარიში, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან, დღემდე. განვლილ პერიოდში გამართული კომიტეტის 25 სხდომა, განხილული 12 კანონპროექტი და 33 საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება, სხვადასხვა საკითხებზე კომიტეტის მიერ მომზადებული 70 დასკვნა, კომიტეტიდან გასული 370 წერილი - ასეთია მოკლე ჩამონათვალი, რომლის უკანაც კომიტეტის წევრების დაძაბული საქმიანობა დგას. ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია კომიტეტის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ. მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ მოწვევის პარლამენტში კომიტეტმა ახალი პრაქტიკა დანერგა - საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელების პარლამენტში მოწვევა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა. პარლამენტის წინაშე უკვე წარდგნენ ამერიკის შეერთებული შტატების, შვეიცარიის კონფედერაციის, ისრაელის სახელმწიფოს, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები. კომიტეტი ელჩების მოსმენის პრაქტიკას მომავალშიც გააგრძელებს. გადაწყდა, რომ კომიტეტის საქმინობის შესახებ ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომას რეგლამენტის შესაბამისად წარედგინება.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 19:22