დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 18:04

 

ცვლილებები შედის ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში. ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ გამოიტანა. წარმოდგენილი კანონპროექტით სახელმწიფო პოლიტიკას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში აღარ წარმართავს საქართველოს პრეზიდენტი და ამ პოლიტიკის განხორციელებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. 

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა განპირობებულია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებათა იმ კონსტიტუციური ცვლილებებით, რომლებიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება.

აღნიშნული გარემოება ცვლილებების შეტანას მთელ რიგ კანონებში იწვევს, რომლებიც კომიტეტის სხდომაზე ასევე პირველი მოსმენით განიხილეს. პარლამენტის წევრების გია ჟორჟოლიანის, ზურაბ ტყემალაძის და ერეკლე ტრიპოლსკის საკანონმდებლო ინიციატივები ეხება ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის, სახელმწიფო ქონების, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის, საავტომობილო გზების, ნავთობისა და გაზის შესახებ კანონებში, ასევე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის, საქართველოს საჰაერო კოდექსებში ცვლილებების შეტანას, რომელთა მიზანია ამ კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 18:10