სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2013 13:39

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მოხსენება მოისმინეს. სხდომის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარემ, ლერი ხაბელოვმა ქართველ ძიუდოისტებს ბრაზილიაში მოპოვებული გუნდური მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა და ისევე როგორც ქართველ მოჭიდავეებს, ასევე სპორტის სხვა წარმომადგენლებსაც სამომავლო წარმატებები უსურვა.

ფედერაციის პრეზიდენტმა, კონსტანტინე ლაშხმა თავის მოხსენებაში ტანვარჯიშის სპორტის სახეობათა სფეროში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ინფრასტრუქტურა და გასხვისებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა წარმოადგენს. "ორიოდე ათეული წლის წინ მარტო თბილისში 8 ტანვარჯიშის დარბაზი ფუნქციონირებდა, დღეისათვის კი მხოლოდ ერთი დარბაზია, სადაც როგორც სპორტული, ისე მხატვრული ტანმოვარჯიშეები, ბატუტზე მხტომელები და აკრობატები ერთად ვარჯიშობენ“, - განაცხადა კონსტანტინე ლაშხმა. მისივე ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაა მწვრთნელთა კადრების მომზადება-გადამზადების თვალსაზრისითაც, რადგან ეს პროფესია პრაქტიკულად აღარ არსებობს. ფედერაციის პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა მთავრობის 2013 წლის 28 მარტის დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელიც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნას შეეხება. მან ასევე აღნიშნა, რომ მისასალმებელია სპორტის კანონის ახალ რედაქციაზე მიმდინარე აქტიური მუშაობა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი კანონი ქვეყანაში სპორტის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - კონსტანტინე ლაშხის განცხადებით, 2014 წლის გაზაფხულზე იმართება ევროპის ჩემპიონატი და ეს იქნება წინა სალიცენზიო შეჯიბრებები, რომლის მოპოვების შემთხვევაში ჩვენი სპორტსმენები მონაწილეობას 2014 წელს ჩინეთში გასამართ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მიიღებენ.
მოხსენების დასასრულს ფედერაციის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ფედერაციაში მიმდინარე საკითხებზე დაინტერესებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო კომიტეტის და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, როგორც ტანვარჯიშის სახეობათა, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ცნობად იქნა მიღებული.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2013 14:48