განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2013 15:50

პარლამენტის მიერ 24 ივლისს მიღებულ და ხელმოსაწერად წარდგენილ კანონპროექტზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნები განიხილეს კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.

პრეზიდენტის შენიშვნები და კანონპროექტის ახალი რედაქცია კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის წარმომადგენელმა ირაკლი გორდულაძემ გააცნო. მისი განცხადებით, რომელიც პრეზიდენტის შენიშვნების საფუძველზე გააკეთა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზღუდავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიას და ხელს არ უწყობს უმაღლესი განათლების სისტემის თავისუფალ განვითარებას. კომიტეტის წევრებიდან პრეზიდენტის შენიშვნები მხოლოდ ორმა გაიზიარა, წინააღმდეგი იყო - რვა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებთან ერთად პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო განიხილა. კერძოდ, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც პარლამენტმა 12 ივლისს მიიღო.
პრეზიდენტის შენიშვნები ეხება ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ან სტატუსის მოხსნას, თბილისის ისტორიულ უბნებში მშენებლობის ნებართვის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის გადაცემის და სხვა საკითხებს. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, რომელმაც წარმოდგენილ შენიშვნებთან დაკავშირებით განმარტებები. საბოლოოდ, კომიტეტის წევრების უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა, თუმცა საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად მაინც გავა. სხდომაზე ასევე განიხილეს სარატიფიკაციო დოკუმენტებიც: „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების დაფინანსება)“ და ,, საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულება (კონკუტენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების დაფინანსება)“; ,,ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მოქმედებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სახელით და საქართველოს შორის ,, ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმება (კომპაქტი)“ და ამერიკის შეერთებულ შტატებს , რომელიც მოქმედებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სახელით, და საქართველოს შორის ,,პროგრამის იმპლემენტაციის შესახებ“ შეთანხმება. ეს საკითხები განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად განიხილეს. ყველა საკითხი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იქნება განსახილველად გატანილი.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2013 16:10