გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
პარასკევი, 06 სექტემბერი 2013 11:39

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილეს. ცვლილებები ათამდე კანონსა და კოდექსში შედის და ისინი გამომდინარეობს 2010 წელს მიღებული კონსტიტუციური კანონიდან, რომლის მთელი რიგი ნორმები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება.

გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ცვლილებები შედის ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ცხოველთა სამყაროს, დაცული ტერიტორიების სისტემის, გარემოს დაცვის, საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის, ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის, წიაღის, საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“, წყლის შესახებ კანონებსა და ტყის კოდექსში.
წარმოდგენილი კანონპროექტების მიმართ სხდომაზე რედაქციული შენიშვნები არავის ჰქონდა და კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 06 სექტემბერი 2013 13:53