| საგარეო ურთიერთობათა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა | | ბეჭდვა | |
| პარასკევი, 06 სექტემბერი 2013 13:05 |
|
საგარეო ურთიერთობათა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი ხელშეკრულებები განიხილეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა კომიტეტის წევრებს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება“ და „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულება“ გააცნო. წარმოდგენილი ხელშეკრულებებით რეფორმების ხელშეწყობისთვის საქართველოს შეღავათიანი სესხის სახით 60 მლნ. აშშ. დოლარის ოდენობით გამოეყოფა, რომელსაც საქართველოს მთავრობა სხვადასხვა მიმართულებების დაფინანსებისთვის წარმართავს. რაც შეეხება მეორე ხელშეკრულებას - ამერიკის შეერტებული შტატები (რომელიც მოქმედებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სახელით) საქართველოს გრანტის სახით გამოუყოფს 140 მლნ. აშშ დოლარს, რომელიც განათლების სექტორის გაუმჯობესებას მოხმარდება. ერთობლივი საკითხების განხილვის შემდეგ კომიტეტების სხდომა ცალ-ცალკე გაგრძელდა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთ პაკეტად წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულება - „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება“ და „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების ცვლილებები“ განიხილა. კომიტეტის წევრებმა II მოსმენით, მუხლობრივად „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები განიხილეს, რომლებიც პარლამენტის წევრმა, ანი მიროტაძემ წარმოადგინა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კი „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები მოისმინეს. კომიტეტების სხდომაზე განხილულ საკითხებზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. |
| ბოლოს განახლდა პარასკევი, 06 სექტემბერი 2013 13:50 |