თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
პარასკევი, 06 სექტემბერი 2013 13:07

უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდისთვის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში შესვლის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრს გადაეცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის ამოქმედება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან მოხდება. კანონპროექტი I მოსმენით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ წარმოადგინა.

კომიტეტის სხდომაზე II მოსმენით „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიც განიხილეს. მომხსენებლის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის ინფორმაციით, I მოსმენის შემდეგ კანონპროექტის მხოლოდ მეორე მუხლი შეიცვალა, რომელიც ამოქმედების ვადას შეეხება და იგი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა - „ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან“. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს წარმოდგენილ კანონპროექტებს და მხარი დაუჭირეს მათ პლენარულ სხდომაზე გატანას.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 06 სექტემბერი 2013 13:48