| ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა | | ბეჭდვა | |
| პარასკევი, 06 სექტემბერი 2013 17:39 |
|
საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტები, I მოსმენით განიხილეს დღეს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. ინიციატორის და მომხსენებლის, კობა დავითაშვილის განმარტებით, პროექტით, ხდება ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, რომელიც პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს თუმცა, მისივე განმარტებით, არ ხდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება. „ინიციატივის მთავარი მიზანი, პირის თანხმობის საფუძველზე, მკურნალობისკენ წაბიძგებაა“, - განაცხადა კობა დავითაშვილმა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ნარკოტიკული ნივთიერებათა ე.წ. „სპაისების“ (მცენარეული, სუბსტანციები გაჟღენთილი კანაბინოიდებით) ნუსხას 230 დასახელების ახალი ნივთიერება ემატება. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტთა წარმოდგენილ პაკეტს პრნციპების დონეზე მხარი დაუჭირეს. კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუგული მაღრაძემ დააფიქსირა, რომელმაც ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მისი განცხადებით, ეს საკითხი უფრო ღრმა შესწავლას მოითხოვს, რაზეც საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს. პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კიდევ ერთ, „ჯანმრთელობის საყოველთაო სოციალური დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტზე, პირველი მოსმენით, იმსჯელეს კომიტეტის წევრებმა. კომიტეტმა III მოსმენით განიხილა „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი ერთხმად დაუჭირა. |
| ბოლოს განახლდა ორშაბათი, 09 სექტემბერი 2013 12:37 |