იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 10 სექტემბერი 2013 19:20

საქართველოს მთავრობის შემადგენლობის განახლების შემთხვევაში, პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების და სახელმწიფო ბიუჯეტის მიუღებლობისას მთავრობის შეცვლის ან პარლამენტის დათხოვნის, ასევე კონსტიტუციის გადასინჯვისა და კონსტიტუციური კანონის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის საჭირო კვორუმის საკითხებს განიხილავდნენ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

ამ ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტები „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, რომლებიც კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის დასკვნითი ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი პროექტები მზადაა პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე განსახილველად. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ოცდახუთი კანონპროექტი განიხილა, მათ შორის კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებების, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შესახებ და სხვა კანონპროექტები. კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი თითოეული განხილული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 11 სექტემბერი 2013 10:09