|
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ვიზიტი ხორვატიაში |
| ბეჭდვა | |
|
პარასკევი, 13 სექტემბერი 2013 14:10 |
|
 საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებმა დაასრულეს ხუთდღიანი ვიზიტი ხორვატიაში. სასწავლო ტურის მიზანი იყო ქართველ და ხორვატ პარლამენტარებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ინფორმაციის გაცვლა გენდერული თანასწორობის დაცვის მექანიზმებზე პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში. „ძალიან საინტერესო იყო პოლიტიკოსებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იმის მოსმენა, თუ რა იყო მნიშვნელოვანი გამოწვევები და ნაბიჯები ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. გენდერული თანასწორობა, სოციალური დაცულობა და ადამიანის უფლებების დაცვა არის მხოლოდ რამდენიმე იმ საკითხთა შორის, რომლის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ ვიზიტის დროს. გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ხორვატ კოლეგებს გამოცდილების გაზიარებისთვის და თბილი მიღებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მანანა კობახიძემ.
ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად ვიზიტის მიზანი იყო ქართველ და ხორვატ პოლიტიკოსებს შორის პარტნიორობის გაღრმავება. ვიზიტის დროს გაიმართა შეხვედრები ხორვატიის პარლამენტის სპიკერთან და ვიცე სპიკერთან, ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტებს შორის.
საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა: „ხორვატია ახლახან, 2013 წლის ივლისში, გაწევრიანდა ევროკავშირში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ხორვატი კოლეგები მზად არიან გაგვიზიარონ ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მათ შეიძინეს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოსამზადებელ პროცეში. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ეს პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.“ სასწავლო ვიზიტის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობები საქართველოსა და ხორვატიაში.
|
|
ბოლოს განახლდა პარასკევი, 13 სექტემბერი 2013 20:14 |