| ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა | | ბეჭდვა | |
| პარასკევი, 13 სექტემბერი 2013 14:27 |
|
დღეს თბილისში, იუსტიციის სახლის საკონფერენციო დარბაზში ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა. სხდომაზე “დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლის ლეგალიზაციის, მოძიების, ამოღების, კონფისკაციისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია, თანდართული განცხადებების გათვალისწინებით და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. როგორც მომხსენებელმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, კონვენციის მონაწილე მხარეების მიზანია ევროსაბჭოს წევრებს შორის მყარი ერთიანობის მიღწევა საზოგადოების დაცვისაკენ მიმართული ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების სფეროში. მხარეები ითვალისწინებენ, რომ მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საჭიროებს თანამედროვე და ეფექტური მეთოდების გამოყენებას საერთაშორისო მასშტაბით. ამ მეთოდებიდან ერთ-ერთს სწორედ დამნაშავეებისათვის დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლებისა და დანაშაულის ჩადენის საშუალებების ჩამოერთმევა წარმოადგენს. კონვენციის მხარეები იღებენ ასევე ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომების განხორციელების ვალდებულებას, რომლებიც შესაძლებელს გახდის ტერორიზმის დასაფინანსებლად განკუთვნილი ნებისმიერი წარმოშობის ქონების ან დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის მოძიებას, გამოვლენას, ამოცნობას, დაყადაღებას, ამოღებასა და კონფისკაციას. სხდომაზე მეორე სარატიფიკაციო დოკუმენტიც განიხილეს - “სისხლის სამართლის საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმი მასთან დაკავშირებული დათქმებისა და განცხადებების გათვალისწინებით. ამ დოკუმენტის მიზანია გააძლიეროს თანამშრომლობა სახელმწიფოთაშორის სისხლის სამართლის დანაშაულებთან ბრძოლაში. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ოქმის რატიფიცირება ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების და სამართლის ნორმების დაცვას, საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობას, ასევე სახელმწიფოთა მხრიდან დანაშაულზე ინდივიდუალური და კოლექტიური რეაგირების გაუმჯობესებას. ორივე კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს სარატიფიკაციო დოკუმენტების და კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას. |
| ბოლოს განახლდა პარასკევი, 13 სექტემბერი 2013 15:24 |