საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ხიდაშელის განცხადება | ბეჭდვა |
პარასკევი, 13 სექტემბერი 2013 14:53

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მომავალი კვირიდან იწყებს საჯარო მოსმენებს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ხიდაშელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან კომისიის საქმიანობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

კომისიის სხდომებზე, რომლებიც პარლამენტის შენობაში, ქუთაისში გაიმართება, კონკრეტული პირების საჯარო დაკითხვა 16 სექტემბრიდან დაიწყება.
„პირველი კვირის განმავლობაში დასაკითხად მოწვეული გვყავს ყველა ის ადამიანი, ვინც კომისიაში საჩივარი შემოიტანა სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ვინც დავობს მათ მიმართ წლების წლების განმავლობაში შექმნილი პრობლემების შესახებ. ესენი არიან როგორც მედიის წარმომადგენლები - სხვადასხვა რეგიონული ტელევიზიების, საკაბელოების ხელმძღვანელები, ასევე კომუნიკაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მისივე თქმით, კომისიის სხდომებზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, როგორც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე მედიის წარმომადგენლებს.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 13 სექტემბერი 2013 15:27