|
პარლამენტის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
პარასკევი, 13 სექტემბერი 2013 15:23 |
|

წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას მედიის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების თაობაზე იმსჯელეს დღეს პარლამენტის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე, რომელიც თბილისში, იუსტიციის სახლში გაიმართა.
ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ არჩევნების ჩტარებისათვის აუცილებელი თავისუფალი გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია, რომ გაუქმდეს ის ნორმები, რომლებიც ზღუდავს მედიის საქმიანობას და რომლებიც დამტკიცებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. საუბარია 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემულ დადგენილებაზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ, რომელიც მედიის წარმომადგენლებს კენჭისყრის შენობაში გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, მათ შორის გადაადგილების თვალსაზრისით. „ჩვენი ამოცანაა სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაც არასამართლიანი მედიით ვერ მიიღწევა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მკაცრი და უაზრო რეგულაციები, რაც მედიის საქმიანობას აფერხებს, გაუქმებული უნდა იყოს“, - განაცხადა ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ზაქარია ქუცნაშვილმა. ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ასევე განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც უფრო ტექნიკური ხასიათის ცვლილებას წარმოადგენს. ამ ცვლილებების მიხედვით, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში, მათი სიდიდის გამო გადასატანი ყუთი არ იფუნქციონირებს. ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე მოწვეული იყვნენ არასაპარლამენტო პარტიათა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები. სხდომას ესწრებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალარჩეული თავმჯდომარე თამარ ჟვანია. |
|
ბოლოს განახლდა ორშაბათი, 16 სექტემბერი 2013 11:10 |