ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რანკო კრივოკაპიჩის ვიზიტი საქართველოში | ბეჭდვა |
ორშაბათი, 16 სექტემბერი 2013 15:13

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს რანკო კრივოკაპიჩს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე  დავით უსუფაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს  საჯაროდ მიულოცა ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე არჩევა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ეუთოს საალამენტო ასამბლეის მისია საქართველოში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით იმყოფება.
პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო არჩევენების დროს ეუთოს მიერ გაწეული სამუშაოსთვის სტუმარს მადლ ობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეუთოს მისიას საპრეზიდენტო არჩვენების სამართლიანად ჩატარებისთვისაც განსაკუთრებული წვლილი ექნება.
„კარგად ვიცით, თუ რაოდენ დიდია ეუთოს როლი არჩევნების სამართლიანად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებისთვის. მადლობას ვუხდი კოლეგებს შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ნაყოფიერი საქმიანობისათვის. შეხვედრაზე კმაყოფილება გამოვთქვი იმის გამო, რომ წელს საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებისთანავე ეუთო სათანადოდ გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნას. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები მათი კვალიფიციური დაკვირვების და ყურადღების ქვეშ ჩატარდება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარისა და ეუთოს საარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას ეუთოს მისიის სრულფასოვანი აღდგენა წარმოადგენდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ეუთოს მანდატი დემოკრატიის მხარდაჭერით არ შემოიფარგლება და ის უსაფრთხოების საკითხებსაც ეხება. მისივე შეფასებით, ეუთომ, როგორც ორგანიზაციამ, 2008 წლის ომი აბსოლუტურად ადეკვატურად შეაფასა.
„ეუთოს ყველა წევრი ქვეყანა, გარდა რუსეთისა, აღიარებს რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ეს არის ორგანიზაციის ძალიან მკაფიო პოზიცია. ამასთანავე, სწორედ იმ ერთი ქვეყნის ფაქტორი არის დაბრკოლება იმისა, რომ 2008  წლიდან ვეღარ ფუნქციონირებს ეუთოს სრულფასოვანი მისია და წარმომადგენლობა საქართველოში“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
“ჩვენ ვისაუბრეთ,  თუ რა შეიძლება გაკეთდეს საპარლამენტო დონეზე, რათა მოიძებნოს გზები, რომ ეუთომ მისია სრულად აღადგინოს საქართველში, რაც თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისათვის არის მნიშვნელოვანი,”  - დასძინა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,  შეხვედრაზე საქართველოსა და მონტენეგროს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს.  „მონტენეგრო და საქართველო ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე მტკიცედ დგანან. ამ მიმართულებით, ორმხრივი უთიერთობა და საპარლამენტო თანამშრომლობა კიდევ უფრო  გაძლიერდება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოში სადამკვირვებლო მისიის აღდგენას არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე, არამედ მიიჩნევს, რომ ამ საქმისთვის ფინანსების გამოყოფაა საჭირო.  აღნიშნული განცხადება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ეუთოს მისიის ფუნქციონირების აღდგენას შეეხებოდა.
როგორც მან განაცხადა, მონაკოში მიღებულია რეზოლუცია, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოში მისიის აღდგენა აუცილებელია. მისივე თქმით, სტამბულში ასამბლეის სესიაზე, კომიტეტების სხდომაზე განმეორებით აღინიშნა საქართველოში მისიის აღდგენის აუცილებლობა.
როგორც რანკო კრივოკაპიჩმა ერთობლივ  ბრიფინგზე აღნიშნა, დემოკრატიის განვითარებისა და გამყარების საქმეში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. მისივე თქმით, ორგანიზაციის მთავარი გზავნილი მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისათვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და დემოკრატიული პროცესის გაუმჯობესება იქნება.

„ჩვენს ორგანიზაციას ამაში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი დამკვირვებლებით ვიქნებით წარმოდგენილნი და ეს საკმაოდ ძლიერი მისია იქნება. საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დელეგაცია ჩამოვა, მათ შორის ცნობილი დეპუტატები, რომლებსაც საქართველში არჩევნების დაკვირვების გამოცდილება უკვე აქვთ“, – აღნიშნა სტუმარმა. მისივე თქმით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხემლძღვანელი, ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება და ის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას, ეუთოს, ევროსაბჭოს, ნატოს და სხვა მისიების სახელით გააკეთებს.

დღესვე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ვიქტორ დოლიძე,  გიორგი წერეთელი, ზურაბ აბაშიძე, ზაქარია ქუცნაშვილი და აკაკი მინაშვილი შეხვდნენ.

მოგვინებით კი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რანკო კრივოკაპიჩი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს შეხვდა.
საქართველოში სამდღიანი ვიზიტით მყოფი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი უმაღლესი დონის შეხვედრებს როგორც ქვეყნის საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ხვალაც გამართავს.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 14:45