თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 17 სექტემბერი 2013 19:40

დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რიგი კანონპროექტები, რომლებშიც ცვლილებების განხორციელება კონსტიტუციაში შეტანილი იმ ცვლილებებიდან გამომდინარე გახდა საჭირო, რომლებიც 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს, მათი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. მათ შორის ცვლილებები შედის „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც დაზვევრვის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

კანონპროექტი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ითვალისწინებს დაზვერვის სამსახურის გადატანას საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარების ქვეშ.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით უქმდება საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვრება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ამ კანონს ასევე ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნებათ პერსონალური დაცვა სამუშაო, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში და იგი უნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, მისი სიცოცხლის ბოლომდე.
„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, თუ ნდობის ჯგუფი წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები ან მათი ხელმძღვანელები არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას, იგი წერილობით პრეზიდენტის ნაცვლად მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ინფომაციისათვის საიდუმლოების გრიფის მოხსნის მოთხოვნით. ოთხივე კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით განიხილა კომიტეტმა.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი კანონპროექტების კონცეფციას და პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად მათ გატანას.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 17 სექტემბერი 2013 19:41