პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა ერაყის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბაქირ აჰმად აზიზ ალჯაფთან | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 16:13

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ერაყის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ბაქირ აჰმად აზიზ ალჯაფთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა.

ერაყელმა დიპლომატმა პარლამენტის თავმჯდომარესთან საელჩოს მუშაობის ძირითად მიმართულებებზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ერაყელი სტუდენტების დაინტერესება საქართველოში სწავლის მიღების კუთხით და თუ წინა წლებში საქართველოში მისი ქვეყნიდან 150 სტუდენტი სწავლობდა, დღეისათვის მათი რიცხვი 450-ს აღწევს. ელჩი ასევე მიესალმა ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის გახშირებულ ავიამიმოსვლას და აღნიშნა, რომ ერაყელი ტურისტების მსგავსად, ბიზნესმენების დაინტერესებაც შეინიშნება, რაზეც მეტყველებს ბათუმის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ერაყული ინვესტიციის შემოსვლა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების მიზნით ბაქირ აჰმად აზიზ ალჯაფმა დავით უსუფაშვილს ბაღდადში საქართველოს საელჩოს გახსნის თხოვნითაც მიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარემ კმაყოფილება გამოთქვა ერაყელი დიპლომატის ქუთაისის პარლამენტში სტუმრობის გამო და აღნიშნა, რომ სრულიად იზიარებს ერაყის დედაქალაქში საქართველოს საელჩოს გახსნის საკითხს და ამასთან დაკავშირებით იგი საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაელაპარაკება. დავით უსუფაშვილმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ როგორც ერაყი, ასევე საქართველო, დღეს განვითარების გზას ადგას და ამ მიმართულებით შესაძლოა ბევრი საერთო საკითხიც გამოიკვეთოს.
საქართველოში ერაყის რესპუბლიკის საელჩო 2008 წელს გაიხსნა და ბაქირ აჰმად აზიზ ალჯაფი რიგით მეორე ელჩია, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 20 სექტემბერი 2013 10:37