ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა | ბეჭდვა |
პარასკევი, 20 სექტემბერი 2013 17:35

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პარლამენტის წევრების გიგლა აგულაშვილისა და მალხაზ ვახტანგიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილეს.

პროექტის თანახმად, კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინების ნაცვლად საქართველოს მთავრობის წარდგინებით დადგენილებით ქმნის და აუქმებს საქართველოს პარლამენტი. დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის საქმიანობის წესი და ფარგლები საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ნაცვლად მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
ასევე პირველი მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრის, გუგული მაღრაძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის მიზანია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობის საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ასევე იმსჯელეს თანმდევ კანონპროექტზე: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღნიშნულ კანონს ემატება ნორმა, რომლის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს-საკრებულოს უფლებამოსილებად ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების სფეროში შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობის ფორმების განსაზღვრა განიხილება. ორივე კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი კანონპროექტების გატანას პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 23 სექტემბერი 2013 11:10