|
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
პარასკევი, 20 სექტემბერი 2013 17:43 |
|
საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურმა ცვლილებებმა, რომელიც 2013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა განაპირობა, რომელიც დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
როგორც პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ აღნიშნა, ინტერესთა კონფლიქტისა და კანონის დარღვევის ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში, კომისიის წევრს თანამდებობიდან საქართველოს პარლამენტი ათავისუფლებს. აღნიშნული შემთხვევისას პარლამენტი იხელმძღვანელებს პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთვის რეგლამენტით დადგენილი პროცედურებით. „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტის წევრმა, ელისო ჩაფიძემ გააცნო კომიტეტის წევრებს. მისი თქმით, კანონიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომელიც ეხება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხის საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებას. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს ასევე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლის თანახმად, საქპატენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონმდებლობის სფეროში და წინადადებებს, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. |
|
ბოლოს განახლდა ორშაბათი, 23 სექტემბერი 2013 11:09 |