კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 24 სექტემბერი 2013 15:33

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სააბონენტო ნომრების პორტირების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და ამ საკითხთან დაკავშირებით ოპერატორი კომპანიების პრეტენზიებს გაეცნენ.
სხდომის დასაწყისში კომისიის წევრებმა პრეზენტაცია „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობა საქართველოში - არსებული პრობლემები და გამოწვევები“ მოისმინეს, რომელიც ექსპერტმა, უჩა სეთურმა წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, პორტაბელობა საქართველოში 2011 წლის 15 თებერვლიდან დაიწყო, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წინა წლებში დაიწყო. კომისიამ სისტემის შექმნის და ოპერირების მიზნით ორი დამოუკიდებელი ტენდერი ჩაატარა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულ კომპანიად „მედია პროჯორჯია“ შეირჩა. აღნიშნულმა კომპანიამ ოპერატორების მფლობელობაში არსებულ ყოველ სააბონენტო ნომერზე ყოველწლიურ გადასახადად 38 ევრო ცენტი განსაზღვრა. ოპერატორებს ტარიფის გადახდა დაევალათ არა მხოლოდ იმ ნომრებისთვის, რომლებიც ისარგებლებდნენ პორტაბელობით, არამედ მთელი ნუმერაციის რესურსზე. ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიამ „განთექი“ ბევრად უკეთესი პირობები წარმოადგინა, რომელიც პორტირების მომსახურების საფასურს მხოლოდ მისი მომხმარებლისთვის აწესებდა, თუმცა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტენდერიდან მისი დისკვალიფიკაცია მოახდინა. 2012 წლის 30 აგვისტოს შემდეგ „მედია პროჯორჯიამ“ აღნიშნული ტარიფი 30 ევროცენტამდე დასწია, თუმცა ფიჭურ კომპანიებს მაინც სოლიდური თანხის გადახდა დაეკისრათ. მობილურ ქსელებში პორტირებული ნომრების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება - 2011 წელი 73531, ხოლო 2012 წელი - 48269. არსებული რეალობიდან გამომდინარე ტენდერში მონაწილე ორ კომაპნიას შორის ფინანსური ნაწილის შედარების შემთხვევაში შემდეგი მონაცემები ვლინდება - 2013 წლის 29 მარტის მდგომარეობით „მედია პროჯორჯიამ“ 6.7 მილიონი აბონენტისთვის 2 მილიონამდე ევრო აიღო, მაშინ როცა „განთექი“ 85 ათას ნომრამდე პორტირების მომსახურების საფასურისთვის 660 ათას ევროს აიღებდა.
პორტირებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები „ახალი ქსელების“, „მაგთიკომის“ და „ჯეოსელის“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს. მათი განცხადებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტენდერის დროს არ გაითვალისწინა ფიჭური კომპანიების მოსაზრებები და პორტაბელურობის ოპერირებისთვის კომპანია საკუთარი ინტერესით შეარჩია. „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ნათია კახიძის განცხადებით, პორტაბელობის მომსახურებისთვის კომპანია ყოველთვიურად 250 ათას ლარს იხდის, მაშინ როცა საქართველოში მოქმედი ყველა ოპერატიული კომპანიის პორტაბელური ნომრების ჯამიც კი არ შეადგენს ამ თანხას. კომპანიებმა კომისიის მიმართ პრეტენზიები რეგულირების საფასურის გაზრდის, ლიცენზიის გაგრძელებასთან დაკავშირებულ ფორმულასთან და კომისიის წევრთა ინტერესთა კონფლიქტთანაც გამოთქვეს.

ჯეოსელის დამფუძნებელმა კომპანიამ „თელიასონერამ“ შესაძლოა საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, კომისიის წევრებისთვის საინტერესო იყო ოპერატორი კომპანიების მოსაზრებები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მუშაობასთან და პორტირებასთან დაკავშირებით. მისივე ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიის დასკვნის მომზადებასთან ერთად, მზადდება კომუნიკაციების რეგულირების საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და საკანონმდებლო ორგანოსთვის საინტერესო იქნება ყველა ის შენიშვნა და მოსაზრება, რომლებიც აღნიშნული სფეროს კანონმდებლობას შეეხება.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 24 სექტემბერი 2013 16:53