საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 24 სექტემბერი 2013 18:05

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების დღეების რაოდენობა და შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა იზრდება.

დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა.
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 477-დან 730 დღემდე იზრდება. ანაზღაურებადი დღეების რაოდენობა ნაცვლად 126 დღისა 183 დღით, გართულებული მშობიარობის ან ტყუპების შობის შემთხვევაში კი ნაცვლად 140 დღისა 200 კალენდარული დღით განისაზღვრება. შესაბამისად, განისაზღვრება ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა და იგი ნაცვლად 600 ლარისა შეადგენს 1000 ლარს.
პარლამენტის წევრების, დიმიტრი ხუნდაძისა და მირიან წიკლაურის საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“; „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტები.
კანონპროექტთა პაკეტი ტექნიკური და რედაქციული ხასიათის ცვლილებებს ითვალისწინებს, რომელთა თანახმად მოხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა მიმდინარე წელს განხორციელებულ იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან, რომლებიც დაზღვევის სფეროს ზედამხედველობას შეეხებოდა.
საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტმა წარმოდგენილი პროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი ერთხმად დაუჭირა.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2013 21:49