პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მუშაობის ერთი წლის შედეგები შეაჯამა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2013 15:16

სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 

კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ წარმოადგინა. მან დეტალურად ისაუბრა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელზეც კომიტეტს საანგარიშო პერიოდში მუშაობა მოუწია. ვიქტორ დოლიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კომიტეტის კანონშემოქმედებით საქმიანობაზე, საზედამხედველო ფუნქციებზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე და საპარლამენტო დიპლომატიაზე, ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებზე, კომიტეტის ანალიტიკურ საქმიანობაზე და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. მისი თქმით, ყველაზე მთავარი ის არის, რომ კომიტეტმა და პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ,,რომ არა ძალიან კოორდინირებული თანამშრომლობა, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებდით, შეეხება ეს როგორც ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების პროცესს, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას. გაწეული საქმიანობის შეჯამება დაგვეხმარება მომავალში სამუშაოების დაგეგმვაში, იმიტომ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა არის ერთი ეტაპი და მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მისი შესრულება და იმპლემენტაციაზე მონიტორინგი“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. ვიქტორ დოლიძემ დამსწრე საზოგადოებას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სამომავლო გეგმზეც ესაუბრა.

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა: სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თამარ ბერუჩაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ თავის გამოსვლებში ყურადღება შეაჩერეს აღმასრულებელი ხელისუფლების კომიტეტთან თანამშრომლობის შედეგებზე და ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. გამომსვლელებმა დეტალურად ისაუბრეს ვილნიუსის სამიტისთვის მოსამზადებლად გაწეულ საქმიანობაზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების პროცესზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე.
გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარმოდგენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გამართული ღონისძიება ორგანიზებული იყო ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელშეწყობით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2013 21:40