იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 15:16

„სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის თაობაზე“ კანონში ცვლილების თანახმად, ბიუროს უფროსის დანიშვნის კომპეტენცია ენიჭება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რამდენადაც ბიუროს საქმიანობა განეკუთვნება საქართველოს მთავრობის რეგულაციის სფეროს და ბიუროს ძირითადი ფუნქციები და მომსახურების ტარიფები განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით. შესაბამისი კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა. 
კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა „პოლიციის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებები. განხილვაში დეპუტატებთან ერთად მონაწილეობდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მეორე მოსმენით განიხილეს ასევე კანონპროექტები: მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ და დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები და პარლამენტის წევრების, ირინა იმერლიშვილისა და ზურაბ აბაშიძის ინიციატივა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი გეგეჭკორმა კომიტეტს განსახილველად წარუდგინა „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მიზნით სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის რეგულირებას ითვალისწინებს მასზე ეროვნული კონტროლის დაწესების საშუალებით.
დღევანდელ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თერთმეტი კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა მათ პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 15:18