კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 17:15

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მარეგულირებელი კომისიის ყოფილ ხელმძღვანელებს დიმიტრი ქიტოშვილს და გიორგი არველაძეს მოუსმინეს.
დიმიტრი ქიტოშვილი, რომელიც კომუნიკაციების კომისიას 2004 წლის ივნისიდან 2007 წლის აპრილამდე ხელმძღვანელობდა, საგამოძიებო კომისიის წევრებს ტელეკომპანია „ალანისთან“ დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ის რომ შსს „ალანიის“ სახით გარკვეულ ტელეპროექტს ამზადებდა, რომელიც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე პროქართულ პროპაგანდას განახორციელებდა, მისთვის ცნობილი იყო. მისივე განცხადებით, მისთვის მოულოდნელობას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ალანიამ მაუწყებლობა არამხოლოდ შიდა ქართლის ტერიტორიაზე, არამედ თბილისის მასშტაბითაც დაიწყო და ამის შესახებ მან ტელეანძის ტექნიკური დირექტორისგან, ბორის ადამიასგან გაიგო. „ჩემთან იყო მოსული ბორის ადამია, რომელმაც მაცნობა, რომ ანძაზე გარკვეული პირები აყენებდნენ გადამცემს ალანიის ტრანსლირებისათვის. მე მას გავაცანი ის ინფორმაცია, რაც ჩემთვის იყო ცნობილი აღნიშნული ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო შსს პროექტი. რაც შეეხება იმ ფაქტს, თითქოსდა ადამიამ ჩემგან მიიღო სიტყვიერი დავალება ალანიის ტრანსლირებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. მე ვეცადე მისგან შორს დამეჭირა თავი და ვუთხარი, რომ ამის შესახებ საქმის კურსში მას მისი ზემდგომი ორგანოები ან თავად შსს ჩაეყენებინა“, - განმარტა დიმიტრი ქიტოშვილმა. მისივე განცხადებით, მას სხვა შეხება ამ ტელევიზიასთან არ ქონია და არც მის დამფუძნებლებს და დირექტორებს შეხვედრია. რაც შეეხება „ალანიას“ ულიცენზიოდ მაუწყებლობას, მისივე ინფორმაციით, ამ საკითხის რეგულირება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებას ცილდებოდა, რადგან აღნიშნული კომისია მონიტორინგს მხოლოდ ლიცენზირებულ მაუწყებლებზე ახდენდა, ეს შემთხვევა კი სხვა კანონის რეგულირების თემას წარმოადგენდა. „ჩემთვის ცნობილი იყო, რომ „ალანია“ ულიცენზიოდ მაუწყებლობდა და ამასთან დაკავშირებით ივანე მერაბიშვილთან, ზურაბ ადეიშვილთან და ამირან მესხელთან არაერთი შეხვედრა მქონდა, რა დროსაც ტელეკომპანიის სამართლებრივ ფორმებში მოქცევას ვითხოვდი. პასუხი იყო, რომ ისინი მოაგვარებდნენ ამ პრობლემას, თუმცა ეს საკითხი ჩემ თავმჯდომარეობის პერიოდში არ მომხდარა“, - დასძინა დიმიტრი ქიტოშვილმა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს პასუხების გაცემა სხვა ტელეკომპანიების მიმართ გამოტანილ სხვადასხვა გადაწყვეტილებაზეც მოუწია, თუმცა მისი პასუხი ძირითადად იყო ის, რომ მას არ ახსოვდა ესა თუ ის ფაქტი და კონკრეტულ პასუხებს კომისიას მოგვიანებით გადაუგზავნიდა. საგამოძიებო კომისიის მხრიდან დასმულ ასეთ კითხვებს კი 2005 წელს „რუსთავი 2“-ის სიხშირის მოდიფიცირება, „ობიექტივის“ არაერთგზის მოთხოვნილ სიხშირეზე უარი თქმა და ამავე კომპანიის წილების გადანაწილების საკითხები, ასევე ტელეკომპანია „საქართველოს ხმისთვის“ სიხშირის ჩამორთმევა და 2004-2005 წლებში „რუსთავი 2“ და „მზის“ ერთი და იმავე პირების აქციონერობა წარმოადგენდა.
დროებით საგამოძიებო კომისიამ „ალანიასთან“ დაკავშირებით კითხვებით გიორგი არველაძესაც მიმართა, რომელიც კომუნიკაციების კომისიას 2007 წლის ნოემბრიდან 2009 წლის იანვრამდე ხელმძღვანელობდა. მისი ინფორმაციით, კომისიაში მისი საქმიანობის პერიოდში მან „ალანიის“ მაუწყებლობის კანონის ფარგლებში მოქცევა შეძლო, თუმცა კითხვაზე თუ რატომ ჩაანაცვლა ალანიამ ტენდერში მოპოვებული 38 სიხშირე, „ობიექტივის“ კუთვნილ 35 სიხშირით, მას პასუხი არ გაუცია. მის მისამართით კითხვები მაუწყებლებისთვის სიხშირეების გაცემის მორატორიუმზეც დაისვა. გიორგი არველაძის განმარტებით, სიხშირეების გაცემის აკრძალვა პრიორიტეტების დადგენამდე იქნა შეჩერებული და კომისია კვლევების დასკვნებს ელოდებოდა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია „ალანიასთან“ დაკავშირებით დაკითხვაზე დაბარებული პირების არ გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან დაკითხვაზე დაბარებულ პირებს საჯაროდ მიმართა და 3 ოქტომბერს დანიშნულ კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ მოიწვია. მისივე განცხადებით, ალანიის დამფუძნებლების და დირექტორების, ასევე „ლიბერთი ბანკის“ და მერიის წარმომადგენლების არ გამოცხადების შემთხვევაში კომისია შსს მიმართავს და კანონის შესაბამისად იძულებით მოიწვევს მათ.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 27 სექტემბერი 2013 15:38