|
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 18:03 |
|

„შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილეს დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. ცვლილებები ეხება დეკრეტული შვებულების საკითხს, იზრდება ფეხმძიმობის, მშობიარობისა და ბავშვთა მოვლისათვის გათვალისწინებული დეკრეტული შვებულების ვადა. ასევე, აქამდე არსებული ოთხთვიანი ანაზღაურებადი შვებულება იზრდება ექვს თვემდე. ანაზღაურების რაოდენობა 600-ის ნაცვლად 1000 ლარი გახდება. შესაბამისი ცვლილებები შედის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონშიც. კანონპროექტი კომიტეტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა მასში გათვალისწინებულ ცვლილებებს. კომიტეტში განსახილველად შემოსულია საქართველოს მოქალაქეების მაგდა ანიკაშვილის, გიორგი თარგამაძის, გიორგი ახვლედიანის და ლევან ვეფხვაძის საკანონმდებლო წინადადება დეკრეტული შვებულებისა და მისი ანაზღაურების გაზრდის თაობაზე, მაგრამ იმის გამო, რომ ანალოგიური შინაარსის საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტში უკვე განიხილება, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ჩაითვალა. კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობელთა პეტიცია, რომლებიც მოითხოვენ საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილოს „სოციალური დაცვის ლიგის“ მიერ 2010 წელს შემუშავებული შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა და მათზე მზრუნველთა სოციალური დაცვის პაკეტის მოთხოვნათა ქვეყნის კანონმდებლობაში ასახვის საკითხი. ისინი ასევე მოითხოვენ გაეროს 2006 წლის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის“ სასწრაფოდ რატიფიცირებას. აღნიშნულ საკითხებზე პარლამენტი ახლო მომავალში იმსჯელებს. |
|
ბოლოს განახლდა პარასკევი, 27 სექტემბერი 2013 11:10 |