|

საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ რუსეთის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია კანონმდებლებს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე წარუდგინა. სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან დიალოგის დაწყების შემდეგ მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა. „ორმხრივი დიალოგის ფორმატში, ჩვენ განვიხილავთ ისეთ საკითხებს როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ჰუმანიტარულ-კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების აღდგენა. არ ვეხებით იმ რთულ თემებს და პრობლემებს, რომლებიც ჟენევის ფორმატის ფარგლებში განიხილება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მისივე თქმით, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების თვალსაზრისით, საკმაოდ პროდუქტიული სამუშაოები ჩატარდა და სწრაფად გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები არსებული ბარიერების მოსახსნელად. „დიალოგის შედეგად ქართული პროდუქცია - ღვინო და მინერალური წყლები, რუსულ ბაზარზე დაბრუნდა. ასევე, დაბრუნდა სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ჯერ-ჯერობით ეს არ არის დიდი მასშტაბით, მაგრამ ამ წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, 100 მილიონი დოლარის პროდუქცია უნდა შევიდეს რუსულ ბაზარზე. იმედია, შემდეგში ეს პროცესი გაფართოვდება და კიდევ უფრო წინ წავა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.  მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოში რუსი ვიზიტორების რიცხვი გაიზარდა და წლის ბოლომდე საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების რაოდენობის მილიონამდე ზრდას ელოდებიან. ზურაბ აბაშიძის თქმით, პრობლემები შეიქმნა რუსეთთან რეგულარული ფრენების აღდგენის კუთხით. მისი განმარტებით, ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის სანავიგაციო სამსახურების მიმართ 700 - 800 000 დოლარის ფარგლებში დავალიანება აქვთ. „რეგულარული რეისების აღდგენა რთული იყო. ის ავია-კომპანიები, რომლებმაც ეს დავალიანება აქვთ დღეს აღარ არსებობენ,“ - აღნიშნა სტუმარმა. შეხვედრაზე საუბარი სავიზო რეჟიმსაც შეეხო. ზურაბ აბაშიძის თქმით, იგი სრულად არ გაუქმდება თუმცა, გარკვეული კატეგორიებისათვის მისი გამარტივება მოხდება. „ნათესაური, პროფესიული კავშირებისა და ბიზნეს ურთიერთობებისთვის ვიზები გამარტივდება. ცვლილებას დადებითად უყურებენ რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ბიზნესის საქართველოში წამოღებაზე ფიქრობენ,“ - აღნიშნა ზურაბ აბაშიძე. პრემიერ -მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სოჭის ოლიმპიადაზე და მასში საქართველოს მონაწილეობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„სოჭის ოლიმპიადაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის მიღებაზე გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო. ეს აუცილებელია თუნდაც იმის გამო, რომ საქართველო არ იყოს ის ერთად ერთი ქვეყანა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტს უცხადებს,“ - აღნიშნა მომხსენებელმა. ზურაბ აბაშიძემ ისიც აღნიშნა, რომ ოლიმპიურ თამაშებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაწილეობის თეორიული შანსიც არ არსებობს. სპეციალურმა წარმომადგენელმა სხდომაზე პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ამ მხრივ განსაკუთრებით საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აქტიურობდნენ. მათთვის გაუგებარია რას ემსახურება დიალოგი, სადაც საუბარი არ არის დევნილთა დაბრუნებაზე და დეოკუპაციაზე. „მოლაპარაკებებს ვახორციელებ იმ მანდატის ფარგლებში, რომელშიც ეს საკითხები არ შედის,“- კიდევ ერთხელ განუმარტა კანონმდებლებს ზურაბ აბაშიძემ. თუმცა, იგი სოფელ დიცსა და დვანში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. „ორი ქვეყნის ურთიერთობის მოგვარებისკენ გადაგმული ნაბიჯები არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად არის. ის, რაც ადმინისტრაციულ საზღვართან ხდება, ცუდი ფონია რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის. ეს პროცესი ნამდვილად არ უწყობს ხელს არანაირ დიალოგს, მაგრამ ჩვენ დასაწყისიდანვე ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ რუსეთთან დიალოგი არ იქნება მარტივი და ხანმოკლე პროცესი. ეს იქნება რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე, იმდენად ღრმად ვართ შესული ჩიხში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. |