იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
პარასკევი, 27 სექტემბერი 2013 19:06

iuridiuli 2დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ,,პოლიციის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა. განხილვაში დეპუტატებთან ერთად მონაწილეობდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოითქვა და მსჯელობა გაიმართა. შესაბამისად, კანონპროექტში შინაარსობრივი და რედაქციული ხასიათის ცვლილებები შევიდა. სპეციალურ საპოლიციო კონტროლთან დაკავშირებით, მუხლს დაემატა პუნქტი, რომელიც სპეციალური საპოლიციო კონტროლისას, პოლიციის თანამშრომელთა აღჭურვის ვალდებულებას ფორმის ტანსაცმელზე განთავსებული მუდმივ რეჟიმში ჩართული ვიდეო -გადამღები ტექნიკით ითვალისწინებს. კომიტეტის სხდომაზე პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურად გამოყენების წინ განსახორციელებელი გამაფრთხილებელი გასროლის პირობები დაზუსტდა. ცვლილებით, პოლიციის თანამშრომლების სამსახურში მიღება სპეციალური კონკურსის შედეგად მოხდება. დღესვე კომიტეტის წევრებმა მეორე მოსმენით ასევე განიხილეს კანონპროექტები: ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“; ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“; ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ცვლილების შეტანის თაობაზე“ . მოსამართლედ დანიშვნის მინიმალური ასაკი ნაცვლად 28 წლისა, 30 წლით განისაზღვრა. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ კი დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სამი წლის განმავლობაში მოსამართლის საქმიანობაზე მონიტორინგს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განახორციელებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა დეპუტატის, შალვა შავგულიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილეს. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 30 სექტემბერი 2013 17:02