კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა | ბეჭდვა |
პარასკევი, 27 სექტემბერი 2013 19:28

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიის თამჯდომარისა და წევრების მიერ დასმულ კითხვებს ტელეკომპანია „ ობიექტივის“ ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი გურამ კვირიკაშვილი პასუხობდა, რომელიც კომისიასთან თანამშრომლობის პირადი სურვილის საფუძველზე იყო მოწვეული.

კვირიკაშვილს განცხადებით, 2008 წელს მას ნოდარ ჭარხალაშვილმა „ობიექტივის“ წილი გადასცა, ხოლო შემდეგ მან ტელეკომპანია და ლიცენზია სახელმწიფოს აჩუქა. კომისია დაინესდა, რა იყო ჩუქების მიზეზი და მოტივი. „ ობიექტივი გადმოფორმდა ჩემზე 12000 ლარის ქონებით. კახა ნინუამ მთხოვა, რომ ეს წილი უნდა მეყიდა. ჩემზე გადმოვიდა ეს წილი, რომელიც მერე ვაჩუქე სახელმწიფოს. აღარ სურდა, ეს კომპანია ჩემს სახელზე ყოფილიყო. გადავეცი მინდობილობა იურისტს, რომელსაც უნდა წარედგინა ჩემი ინტერესები მარეგულირებლისთვის. არველაძის კაბინეტში იყო საუბარი გზებზე, როგორ უნდა გადამეცა ლიცენზია“-, განაცხადა კვირიკაშვილმა. დეპუტატის კითხვაზე, თუ რატომ იყო ანგარიშვალდებული იგი ნინუას წინაშე, კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ მას და ნინუას დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდათ. „იმისთვის, რომ მეგობრის მეუღლეს მუშაობა დაეწყო, 10 000 წილი უნდა გადმომეფორმებინა ჩემზე. ის, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში ამის უკან, ეს გავიგე ბოლო დროს საგაზეთო პუბლიკაციებიდან“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა. კომისიის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი დაინტერესდა, როცა მან ჭარხალაშვილისგან წილი წამოიღო, იცოდა თუ არა, რომ სახელმწიფოსთვის საჩუქრად უნდა გადაეცა. როგორც პასუხიდან გაირკვა, კვირიკაშვილი სახელმწიფოსთვის მსგავსი იძულებითი „ჩუქების“ ფაქტის წინაშე არაერთხელ დამდგარა. მისი თქმით, ომისშემდგ პერიოდში, როცა კონტროლის პალატის შენობას ფასადი უკეთდებოდა, მისმა შვილობილმა კომპანიამ 200 000 ლარის ოდენობის სამუშაო აჩუქა სახელმწიფოს. ჩუქების მიზეზი კი გურამ კვირიკაშვილის მამის დაშანტაჟება იყო, რომელიც აღნიშნულ პერიოდში საქართველოში შვილის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებდა. მიუხედვად იმისა, რომ გურამ კვირიკაშვილმა არაერთხელ განახორციელა "იძულებითი ჩუქების“ აქტი, 2010 წელს მის სამენებლო კომპანიაში „არდიაი“-დან გენერალურმა პროკურატურამ 2006 წლიდან არსებული დოკუმენტაცია გაიტანა. კვირიკაშვილის თქმით, ფინანსურ საკითხებში დარღვევა ვერ აღმოაჩინეს, თუმცა სრულიად გაურკვეველი მიზეზების საფუძველზე დააკავეს კომპანიის 3 თანამშრომელი: მუშა, მომმარაგებელი და წარმოების უფროსი. „არანაირ ჩარჩოებში არ ჯდებოდა ამ ხალხის დაკავება. ზაზა ქაჩიბაიას კაბინეტში ვაჭრობა შედგა ამ ხალხის გათავისუფლებაზე მაშინ, როცა დაკავებულები მოდულის შენობიდან ციხეში გადაჰყავდათ. იქ თანხების მოთხოვნაც იყო და სამუშაოს შესრულების ვალდებულებაც. კომპანიის უდანაშაულო თანამშრომლები საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ამის შემდეგ კომპანიამ ყვარელში სპორტის სასახლე შეაკეთა და მილიონნახევრის ოდენობის სამუშაო სახელმწიფოს ისევ „აჩუქა“. „პროკურატურაში გადმომეცა ქაჩიბაიას ნახაზი, როგორი უნდა ყოფილიყო შენობა. ადგილზე რომ ჩავედით, ამ საკითხს კურირებდა ყვარლის გამგებელი ლევან გამსახურდია. ანალოგიურად შევაკეთეთ შსს-ს შენობაც, 2011 წელს გენშტაბის შენობასთან დაკავშირებით შესრულებული 6 500 000 ლარის ღირებულების სამუშაოებიდან 500 000-ის მიღებაზე უარი ვთქვით“ ,-აღნიშნა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, იმ პერიოდში ავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია იყო, სამშენებლო სფეროს კურირებდა ვახტანგ გორდაძე, ხოლო თანხების გადაცემას მთავარი პროკურატურა წყვეტდა.

დღესვე საგამოძიებო კომისიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, მიხეილ გოთოშიას დაუსვა კითხვები მონიტორინგის მეთოდოლოგიასთან, მობილური კომპანიების ტერმინაციასთან და სუბიექტების შერჩევასთან დაკავშირებით. გოთოშიას განცხადებით, ის 2008 წლის აგვისტოს ომამდე, კონფლიქტის ზონაში სწავლობდა რამდენიმე რუსული მეგაფონის და სატელევიზიო გადაცემების არსებობას.მისივე თქმით, გენერალი ყურაშვილი ეხმარებოდა მას მეგაფონის სიმბარათების მოძიებაში. „ომამადე ყურაშვილმა და არველაძემ მომაწოდეს სიმბარათების დიდი რაოდენობა. კონფლიქტის დაწყებისას აღოჩნდა, რომ ეს ახალი სიმბარათები ყველა დაბლოკილი იყო, რამაც საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა, რადგან არ მუშაობდა ქართული კავშირები. GSM- ქსელს, თუ სად იყო დაფარვა, ვამოწმებდით კარბელაშვილთან ერთად. იმ პერიოდში უკვე მაუწყებლობდნენ რუსეთის კომპანიები და უნდა გვეპოვა და ჩაგვეხშო ანძები“,- გაიხსენა გოთოშიამ. მისივე თქმით, როცა დასავლეთი მოსწყდა აღმოსავლეთს, მხოლოდ ორი კაბელი არსებობდა: ერთი მიჰყვებოდა ძველ საავტომობილო გზას, მეორე კი - რკინიგზას. პირველმა რუსულმა ყუმბარამ დააზიანა პირველი კაბელი, რკინიგზის გასწვრივ ყუმბარამ კი რკინიგზის კაბელი. „ ჩვენ შეგვეძლო აღგვედგინა ეს კავშირი 24 საათში. ჯარი მოწყვეტილი იყო ჯარს, გაწყდა კავშირი. კარბელაშვილმა მთხოვა, შევძლებდი თუ არა კავშირის აღდგენას. აპარატი, რომლითაც კავშირის აღდგენა შეიძლებოდა, ძალიან ძვირადღირებული იყო. 2 აპარატი ვიყიდეთ, 2 კი გვაჩუქა ჯეოსელის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, რომელიც კარბელაშვილს გადავეცით და სად წავიდა, აღარ ვიცით“-აღნიშნა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა. კომისიის წევრის, ანი მიროტაძის მოსაზრებით, ქვეყანა კერძო პირების იმედზე არ უნდა ყოფილიყო და ფორს-მაჟორული სიტუაციებისას ალტერნატიული წყაროები უნდა ჰქონოდა. „ალტერნატიული კავშირები მხოლოდ ომისთვის არ უნდა იყოს. აუცილებელია, რამდენიმე წრე იყოს შეკრული, რომ დაზიანების შემთხვევაში კომუნიკაცია არ შეწყდეს. ეს წრე არც ახლა არის“, -განაცხადა გოთოშიამ. რაც შეეხება სუბიექტების შერჩევის საკითხს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას თუ რომელი კომპანია უნდა შეემოწმებინა, გოთოშიამ აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი რამდენიმე პრინციპით ხორციელდებოდა, მათ შორის, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით და ასევე იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდებოდა რომელიმე კომპანიიდან ხელშეშლის ფაქტი. კომისიამ მობილური კომპანიების ტერმინაციასთან დაკავშირებით, საკუარი მოსაზრება გააცნო კომისიის წევრებს. მას არასწორად მიაჩნია მობილური კავშირების კომპანიების არგუმენტი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ტარიფების ახალი სისტემით მნიშვნელოვანი თანხები აკლდება. „ახალი სისტემით, 64 მილიონით მეტი ლარია ბიუჯეტში შესული. ბიუჯეტს თანხა არათუ მოაკლდა, პირიქით - მოემატა. კომისიას შევთავაზეთ რამდენიმე სქემა იმისთვის, რომ მეტნაკლებად ყველას ინტერესი ყოფილიყო დაცული. კომისია გვპასუხობს, რომ ორ ტარიფს ვერ დაადგენს. მე კი მიმაჩნია, რომ ორი ტარიფი უკვე არსებობს და ისე უნდა გასწორდეს, რომ ყველასთვის მისაღები იყოს“,-განაცხადა გოთოშიამ. როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომისია მუშაობას ხუთშაბათს, 3 ოქტომბერს, დილით გააგრძელებს.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 30 სექტემბერი 2013 18:36