პარლამენტის რიგგარეშე სხდომა | Print |
Friday, 27 September 2013 19:24

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, კანონმდებლებმა II - III  მოსმენით კანონპროექტთა ის პაკეტები განიხილეს და მიიღეს ერთხმად, რომლებიც კონსტიტუციაში განხორციელებულმა იმ ცვლილებებმა გამოიწვია, რომლებიც 2013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ უნდა ამოქმედდეს.
კანონმდებლებმა, დაჩქარებული წესით, II და III  მოსმენით, ასევე, ერთხმად  მიიღეს „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. ერთ-ერთი ინიციატორის   და მომხსენებლის, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 477-დან 730 კალენდარულ დღემდე იზრდება. აქედან, 126 დღის ნაცვლად, ანაზღაურებადი ხდება 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე, ნაცვლად 140 დღისა.
გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, დასაქმებულს, რომელმაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, 365 დღის ნაცვლად ეძლევა შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით და ამ შვებულებიდან 70 დღის ნაცვლად ანაზღაურებადი ხდება 90 კალენდარული დღე.
პროექტის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა 1000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.           
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები კოლეგებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა წარუდგინა. ცვლილება სახელმწიფო ბიუჯეტისა და საგანგებო ბიუჯეტის პროექტების პარლამენტში წარდგენამდე, მთავრობის მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის შეთანხმების, პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვისა და შესაბამისი მოხსენებებისა და ანგარიშების წარდგენის საკითხებს ეხება. ასევე პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშზე მოხსენების პარლამენტისათვის წარდგენის ახალი ვადის განსაზღვრას.  
როგორც მომხსენებელმა განმარტა, საკანონმდებლო ინიციატივა განპირობებულია ზემოაღნიშნულ კანონებში იმ ცვლილებათა შეტანის აუცილებლობით, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებათა ის ცვლილებები იწვევს, რომლებიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება.
რიგგარეშე სხდომაზე კანონმდებლებმა  „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე რეკომენდაციების წარდგენის, მოსამართლედ დანიშვნის მინიმალური ასაკისა და სხვა მოთხოვნების განსაზღვრის, რაიონული და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უვადოდ დანიშვნის, მოსამართლის რეზერვში ჩარიცხვისა და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების საკითხებს ეხება. აღნიშნული კანონპროექტით, მოსამართლეთა ასაკი 28 წლიდან 30 წლამდე იზრდება. ასევე, განისაზღვრება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი. მოსამართლე თანამდებობაზე  თავდაპირველად სამი წლის ვადით, ხოლო ამ ხნის გასვლის შემდეგ უვადოდ დაინიშნება.
რიგგარეშე სხდომაზე,      კანონმდებლებს დღის წესრიგით გათვალისწინებული „პოლიციის შესახებ“ კანონპროექტი უნდა განეხილა, თუმცა, დროის ამოწურვის გამო იგი მომდევნო კვირისთვის გადაიდო.

 

 

 

Last Updated on Tuesday, 01 October 2013 10:23