|

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მოისმინა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, ხათუნა გოგალაძის ანგარიში სამინისტროს მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, ხათუნა გოგალაძის განცხადებით, ინსტიტუციური ცვლილებების უზრუნველყოფისა და ზოგიერთი სამართლებრივი ხარვეზის გასწორების მიზნით მომზადდა და დამტკიცდა ორმოცდაშვილი საკანონმდებლო აქტი.
განხორციელდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სტრუქტურული გაძლიერება. სამინისტროში შეიქმნა ეროვნული სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების გრაფიკის შესაბამისად ბოლო 10 თვის განმავლობაში შემუშავდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, მათ შორის: ,,ნარჩენების მართვის შესახებ’’ და ,,წყლის რესურსის მართვის შესახებ“ კანონპროექტები. ხათუნა გოგალაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროს ხელშეწყობით ქვეყანაში მიმდინარეობს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ქვეყნის მიერ დაფინანსებული 70-მდე გარემოსდაცვითი პროექტი. შემუშავდა საქართველოს სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი.
სამინისტრო რეგულარულად ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს უკანონო თევჭერისა და ნადირობის, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და გადამუშავების ფაქტების აღსაკვეთად. როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა აღნიშნა, ბიომრავალფეროვნების დაცვის უზრუნველყოფისა და გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის შესრულების მიზნით შემუშავდა და დასრულების ფაზაშია საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმა. მანვე ისაუბრა ურბანულ ტერიტორიებზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე პროექტებზე, სამინისტროს სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე და გარემოსდაცვით სფეროში შექმნილ პრობლემებზე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, საპარლამენტო კომიტეტსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის ძალიან კარგი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. ,,ის, რაც ჩვენ ამ კომიტეტში დავნერგეთ, უნიკალური გამოცდილებაა. არც ერთ სხვა კომიტეტში ერთი წლის განმავლობაში მინისტრი ანგარიშით ორჯერ არ წარმდგარა“, - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.
კომიტეტმა სხდომაზე ასევე იმსჯელა ეროვნული სატყეო პოლიტიკის კონცეფციაზე, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა წარმოადგინა. მან დეპუტატებს ეროვნული სატყეო პოლიტიკის მიზნები, ძირითადი პრინციპები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. მისი თქმით, ეს არის ჩარჩო დოკუმენტი, რომელსაც შემდეგ უნდა დაეფუძნოს სატყეო სექტორში განსახორციელებელი საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებები, რაც ამ სექტორის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვითი კონცეფციები არასდროს განხილულა და აღნიშნული დოკუმენტი პარლამენტის დადგენილებით იქნება მიღებული.
დღევანდელ სხდომას ასევე ესწრებოდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყებათა ხელმძღვანელები, რომლებმაც დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე დღესვე პარლამენტში შეხვდნენ ოზურგეთის, ხონის, თერჯოლისა და ქუთაისის 25-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს და მათ გარემოსდაცვით სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრნენ.
|