|
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში |
| ბეჭდვა | |
|
ორშაბათი, 30 სექტემბერი 2013 19:57 |
|

საქართველოში არსებული ახალი პოლიტიკური რეალობისა და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ მინიონთან, ასამბლეის გენერალურ მდივანთან, ვოიცეკ სავიცკისთან, მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანდრეს ჰერკელთან და მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან ბორის სილევიჩთან და მაიკლ აასტრუპ იენსენთან გამართულ შეხვედრებზე. დავით უსუფაშვილის განცხადებით, კოალიცია ,,ქართული ოცნება“ ერთიანობას არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს. შეხვედრებზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე შეეხო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ობიექტურად ჩატარებისათვის მზადების საკითხს. მან ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და ოკუპანტთა მიერ აგებული მავთულხლართების შესახებ.
შეხვედრაზე ვოიცეკ სავიცკიმ პოზიტიურად შეაფასა სამართლებრივ საკითხებში და ზოგადად საქართველოში არსებულ ვითარებაზე საქართველოს მთავრობის კონსულტანტის, თომას ჰამერბერგის ანგარიში “საქართველო გარადამავალ პერიოდში”, რომელშიც ასახულია ადამიანთა უფლებების მდგომარეობა საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
დეტალურად ისაუბრეს ანგარიშში წარმოდგენილ იმ საკითხებზე, რომლებზეც ხელისუფლებამ სამომავლოდ უნდა გაამახვილოს ყურადღება, ესაა სხვადასხვა სახის უმცირესობების პრობლემების შესწავლა. აღინიშნა, რომ ევროსაბჭო გააგრძელებს მაღალი თანამდებობის პირებისადმი აღძრულ საქმეებზე დაკვირვებას. შეხვედრებზე დადებითად შეფასდა ახალი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც თომას ჰამერბერგის ანგარიშშიც არის ასახული. დღევანდელ შეხვედრებში საქართველოს დელეგაციიდან პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კანდელაკი მონაწილეობდნენ.

|