|

სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები მკაცრდება. ამის შესახებ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. საგზაო მოძრაობის მოწესრიგების ხელშეწყობის მიზნით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომლითაც რიგ შემთხვევებში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდება, ხოლო რიგ შემთხვევებში - შემსუბუქდება. გამკაცრდება ადმინისტრაციული სახდელი მართვის უფლების არმქონე პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის. კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, როგორც ნასვამ მდგომარეობაში, ასევე მართვის უფლების არმქონე პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა მძიმე სამართალდარღვევას წარმოადგენს.
ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის გამო 1 წლით მართვის უფლების შეჩერების ვადა კანონპროექტით 6 თვემდე მცირდება. ამასთან, შეჩერებული მართვის უფლების ვადის გასვლის შემდეგ მოქალაქეს აღუდგება მართვის უფლება და გათავისუფლდება გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა თანამდებობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. „თავისუფლების ქარტიის“ პროექტის თანახმად, ქარტიით განსაზღვრულ თანამდებობებზე არ შეიძლება დაინიშნონ პირები, რომლებიც იყვნენ ან არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თანამდებობის პირები, ხოლო თუ ასეთი პირები აღმასრულებელ სტრუქტურებში პოსტებს იკავებენ, ცვლილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ. დავითაშვილის მოსაზრებით, თანამდებობრივი შეზღუდვა უნდა მოხდეს მხოლოდ დანიშვნით და არა არჩევით თანამდებობებზე.
ინიციატორმა კანონპროექტში შენიშვნების გათვალისწინებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით, თანამდებობის დაკავება აეკრძალება იმ პარტიათა წარმომადგენლებს, რომლებმაც ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმი დაამკვიდრა. მისივე მოსაზრებით, შეიძლება კანონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მიეთითოს, თუმცა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ იგი ტოტალიტარული ტიპის პარტიად იყოს მიჩნეული და „თავისუფლების ქარტიით" განსაზღვრული შეზღუდვები გავრცელდეს მასზე. დეპუტატების შეფასებით, ქარტიაში ასეთი ნორმის შეტანა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. როგორც სხდომაზე აღინიშნა, წარმოდგენილი ინიციატივის გაზიარების შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ წინა მმართველი გუნდი ავტორიტარულ და ტოტალიტარულ ძალად სცნოს და მასაც თანამდებობრივი შეზღუდვები დაუწესოს. დღესვე კომიტეტის სხდომაზე განიხილეს კანონის პროექტები: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და „დაზღვევის შესახებ“. კომიტეტს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ტექნიკური ხასიათის რედაქციული შენიშვნები აქვს. ინიციატივის ავტორის, დავით ონოფრიშვილის თქმით, შენიშვნების ნაწილი გათვალისწინებული იქნება კანონპროექტში, ნაწილზე კი პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. |