თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2013 16:09

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პირველი მოსმენით ის კანონპროექტები განიხილა, რომლებშიც ცვლილებების განხორციელება 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელი საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე გახდა საჭირო. 
ერთ-ერთი მათგანი ,,ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონპროექტია, რომლის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილების ფარგლები იზღუდება და მის კომპეტენციაში ქვეყნის თავდაცვასთან და საგარეო და საშინაო პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები რჩება. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ამავდროულად, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა, სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხებით შემოიფარგლება. უშიშროების საბჭო გადაწყვეტილებებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ქვეყნის საზღვრებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში სამხედრო ძალის მონაწილეობის და პრეზიდენტის მიერ საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ იღებს.
ცვლილება შედის ,,თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად გაერთიანებულ შტაბს გენერალური შტაბი ეწოდა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი - ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“; ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ იმსჯელეს, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა მიხეილ დარჩიაშვილმა წარადგინა. ინიციატორის განმარტებით, მუშაობა აღნიშნულ პროექტზე, ევროპულ კანონმდებლობასთან მეტად დაახლოების მიზნით, 2008 წლიდან მიმდინარეობს. კანონპროექტი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის, ტექნიკური დახმარების და საბროკერო მომსახურების გაწევაზე რეკომენდაციის ან/და ნებართვის გაცემის რეგულაციას აწესებს. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2013 10:21