|

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით პარლამენტში უმცირესობის მოთხოვნით პოლიტიკური დებატები გაიმართა. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა წარმოადგინეს საკუთარი შეფასებები და ანალიზი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით, რაც გამოიხატება როგორც საგადასახადო შემოსავლების მობილიზებით, ისე ექსპორტის ზრდის მიმართულებით. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია სტაბილურ ხასიათს იძენს, რაც ძირითადად მიიღწევა სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნური ჩარევის გარეშე ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შექმნით. ,,საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა შეფასდა და შესაბამისი ასახვა ჰპოვა მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენებაში, რაც გამოიხატა მინიჭებულ გაუმჯობესებულ რეიტინგში. კერძოდ, საქართველომ აღნიშნულ რეიტინგში 5 ადგილით გააუმჯობესა მდგომარეობა და 77-დან 72-ზე გადავიდა. 148 ქვეყანას შორის კვლევის თანახმად, საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა 48 ქვეკომპონენტში, რომელთაგან მნიშვნელოვანია აღინიშნოს საკუთრების დაცვა, მთავრობის პოლიტიკური კურსის გამჭვირვალობა, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესება, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტიანობა, მიკროეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება, განათლების ხარისხი, ბანკების სიჯანსაღე, სამართლებრივი უფლებები და ასე შემდეგ“, - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნისთვის პრიორიტეტებს წარმოადგენს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისება, ქვეყნის ენერგეტიკული და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა. ,,აღსანიშნავია, რომ 2013 წლის პირველ ნახევარში ზრდის სახით უცხოურმა ინვესტიციებმა 458 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ყველაზე დიდი წილი 23,6 % ენერგეტიკის სექტორზე მოდის, საფინანსო სექტორზე - 17%, გადამამუშაველებელ მრეწველობაზე - 15%, ტრანსპორტზე 4% და კავშირგაბმულობაზე 12,6% მოდის“, - აღნიშნა დეპუტატმა. ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითი სავაჭო ბალანსი იანვარ-აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით გაუმჯობესდა, საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რიცხვი 126 ქვეყნით განისაზღვრა, საიდანაც დადებითი სავაჭრო ბალანსი 33 ქვეყანასთან დაფიქსირდა, რაც ერთი ერთეულით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ზურაბ ტყემალაძე თავის გამოსვლაში შეეხო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების საკითხსაც და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35,3%-ით გაიზარდა და 426 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ქართული პროდუქციის გასვლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდას. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს ყოველწლიურად, ათასობით მოძრავი თუ უძრავი ქონება ჩუქების ფორმით სახელმწიფოს საკუთრებაში გადადიოდა და 9 700 ისეთ შემთხვევას აქვს ადგილი, როცა ღამის საათებში კერძო საკუთრება სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაფორმდა. "ახალი ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფოსთვის კერძო საკუთრების იძულებით ჩუქების პრაქტიკა აღმოიფხვრა. დღეის მდგომარეობით, ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას, როცა კერძო პირის ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში ჩუქების გზით გადავიდა", - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, პავლე კუბლაშვილის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკა გაჩერებულია, რისი მიზეზიც ის გადაწყვეტილებებია, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ და მთავრობამ მიიღო. მისი განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ და ფინანსთა მინისტრმა თავის საქმიანობა იმით დაიწყეს, რომ უარი თქვეს გადასახადების შემცირებაზე - მათ გააუქმეს ის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე იყო საგადასახადო კოდექსში და რომელიც ითვალისწინებდა საშემოსავლო გადასახადის დაწევას ჯერ 18%, შემდეგ კი 15%-მდე. პავლე კუბლაშვილის განმარტებით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შეიტანა პირველი გაურკვევლობა ინვესტორებისთვის იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზას ადგას ახალი მთავრობა. მისივე თქმით, ის მექანიზმი, რომელიც მთავრობამ საზოგადოებას შესთავაზა დაუბეგრავი მინიმუმის სახით, ხალხისთვის აბსოლუტურად გაურკვეველი დარჩა. პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკაზე ასევე უარყოფითად იმოქმედა გადაწყვეტილებამ, რომელიც მიღებული იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიწის მიყიდვის შეჩერებასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნებიდან თვენახევარში მთავრობა იძულებული იქნება პარლამენტში საგადასახადო ცვლილების ინიციატივით შემოვიდეს. მისი თქმით, 2013 წლის 9 თვეში ბიუჯეტში საგადასახდო შემოსავალი 38 მილიონით ნაკლებია, გასული წლის იგივე პერიოდზე. ,,თავდაპირველი გეგმით, ცხრა თვეში ბიუჯეტში საგადასახადო კუთხით 5 მილიარდ 66 მილიონი ლარი უნდა შესულიყო. უკვე შეცვლილი გეგმით, სადაც ძირითადი დარტყმა ბოლო თვეებზე გადმოიტანეს, 4 მილიარდ 789 მილიონი უნდა შესულიყო. სინადვილეში შემოსავალმა 4 მიალიარდ 581 მილიონი ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველ გეგმასთან მიმართებაში დანაკლისმა 485 მილიონი ლარი შეადგინა და შესწორებული გეგმის მიხედვით 207 მილიონი ლარია", - აღნიშნა ზურაბ მელიქიშვილმა. დეპუტატის განცხადებით, დღგ-ს გადასახადი, რომელიც უმთავრესია საგადასახადო შემოსავლების კუთხით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ფრაქცია ,,ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ წევრმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა სოფლის მეურნეობის სფეროში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე და პროექტებზე. დეპუტატის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სექტორში მობილიზებული იყო 241 მილიონი საბიუჯეტო, პლიუს დეკემბრის თვეში 80 მილიონი ლარი და ამავე დროს 195 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის რესურსებს. 6,5 -ჯერ გაიზარდა სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის დაფინანსება და 5,5 -ჯერ გაიზარდა სასოფლო სამეურნეო ტექნიკის განახლებისათვის გამოყოფილი რესურსები. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არსებითად გაიზარდა მევენახეობის, მეღვინეობის, მცენარეთა დაცვის, სურსათის უვნებლობის საბიუჯეტო მხარდაჭერა. გიგლა აგულაშვილის განცხადებით, 2003-2013 წლების პირველ ნახევრებში სოფლის მეურნეობაში ფორმირებული მთლიანი შიდა პროდუქტის მთლიანი მოცულობის შემცირება შეუქცევადი იყო, ხოლო 2013 წლის პირველ ნახევარში კი საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა, რამაც ტენდეციის უარყოფითი მიმართულება შეცვალა. 2013 წელს სოფლის მეურნეობაში შექმნილი მ.შ.პ. მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა. დეპუტატმა ასევე ისაუბრა „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც, დამუშავდა 192 ათასი ჰა. სულ 2012 -2013 მოიხნა და დაითესა 310 ათასი ჰა ფართობი. გიგლა აგულაშვილმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დაეხმარა 710 ათასზე მეტ მცირემიწიანი ფერმერს და ჯამურმა თანხამ 195 მლნ ლარს გადააჭარბა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება შეაჩერა „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტზე“ . ,,2013 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით: პირველ კომპონენტში 2 700-მდე ბენეფიციარზე გაცემულია 1.1 მლნ. ლარის სასაქონლო განვადება; მე-2 კომპონენტში 2 900-მდე ბენეფიციარზე გაცემულია 57 მლნ. ლარზე მეტი კრედიტი, ხოლო მე-3 კომპონენტში 226 ბენეფიციარზე გაიცა 29 მლნ. დოლარის კრედიტი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა. მისივე თქმით, 2013 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაიზარდა. მაგალითად: მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 52%-ით გაიზარდა და 55 მლნ. დოლარი შეადგინა, ხოლო ყურძნის ნატურალური ღვინოების - ექსპორტი 47%-ით გაიზარდა და 47 მლნ. დოლარი შეადგინა. გიგლა აგულაშვილმა ასევე ისაუბრა მიმდინარე რთველთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 29 სექტემბრის მდგომარეობით, მხოლოდ კახეთის რეგიონში 81 კომპანიის მიერ მიღებული და გადამუშავებულია ბოლო წლების მანძილზე რეკორდული რაოდენობის ყურძენი - 80 ათას ტონაზე მეტი (შარშან სულ გადამუშავდა 52 ათასი ტონა). ,,ყურძნის მიღება–გადამუშავების პროცესში ჩართული 81 კომპანიიდან 79 არის კერძო და 2 სახელმწიფო. სახელმწიფო კომპანიების მიერ შესყიდული და გადამუშავებული ყურძენი საერთო რაოდენობის 15%-ს შეადგენს. ცნობისათვის, 2012 წელს სახელმწიფო კომპანიების მიერ გადამუშავებული ყურძნის წილი 65%-ს შეადგენდა“, - აღნიშნა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. გიგლა აგულაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს მათთან ერთად ახლად აშენებული საწარმოების მონახულება შესთავაზა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების პერიოდში არსებული კერძო პირის მიერ სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქების ტრადიცია დასრულდა. "2013 წლის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ ეკონომიკის დაღმასვლა შარშან დაიწყო. ეკონომიკის დაღმასვლა იმიტომ იყო დაწყებული, რომ ბიზნესი იყო დატერორებული, წინასწარ იყო გადახდილი თანხები. მთელ მსოფლიოში, მამა და ბაბუა როგორც წესი შვილსა და ოჯახს ჩუქნის საკუთარ ქონებას, მაგრამ საქართველოში საკუთარ ქონებას სახელმწიფოს ჩუქნიდნენ. წელს ასეთი ჩუქების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წამოწყებული ეს ტრადიცია დამთავრდა", - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა. მისივე თქმით, ის ეკონომიკური წინსვლა, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობა" წინა წლებში საუბრობდა, მსოფლიო ბანკის ანგარიშით, მხოლოდ მოსახლეობის 20-25 პროცენტზე იყო გათვლილი. "ჩვენ იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, რომელიც უსამართლობითა და სისასტიკით იყო გაჟღენთილი, რომ მართლაც რთული აღმოჩნდა გამკლავება. ჩვენ შეგვრჩა ეკონომიკა ვითომ მაღალი პარამეტრებით, მაგრამ სინამდვილეში იყო გამოშიგნული, რაც მოიცავდა ჩვენი მოსახლეობის უკიდურეს გაღატაკებას. წინა ხელისუფლება გამუდმებით ლაპარაკობდა ეკონომიკურ ზრდაზე, გრანდიოზულ ინფრასტრუქტურულ მშენებლობებზე, უცხოურ ინვესტიცებზე, სინამდვილეში კი რეალობა სხვა იყო", - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პირველად, ბოლო 9 წლის განმავლობაში, შარშანდელმა შემოსავლებმა გაასწრო წლევანდელ შემოსავლებს. მიხიელ მაჭავარიანმა საბიუჯეტო დინამიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიუჯეტის შეუსრულებლობას ეკონომიკური გუნდის არაკომპეტენტურობა იწვევს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ უმრავლესობას კონკრეტული ეკონომიკური ინიციატივები შესთავაზა, რომელიც მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. "პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, გადასახადების დაწევაა. მოგეხსენებათ, შემცირებული გადასახადი ნიშნავს ფასების შემცირებას. დაუბეგრავ მინიმუმზე საუბრობდით, მაგრამ მერწმუნეთ, რომ საზოგადოება ამ მხრივ შვებას კიდევ 6 თვე ვერ იგრძნობს, ამიტომ გავაკეთოთ ის, რასაც ადამიანები იგრძნობენ ყოველდღიურად. მეორე ნაბიჯი, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს არის უარის თქმა ახალ ეკონომიკურ რეგულაციებზე და მე გთავაზობთ შევქმნათ ერთობლივი ორგანო და ჩვენ, პარლამენტარებმა, არასამთავრობოებმა, ექსპეტებმა ყველა ეკონომიკური ინიციატივა შევაფასოთ მანამ, სანამ ეს წინადადება მიიღებს საკანონმდებლო ინიციატივის სახეს. მესამე ნაბიჯი ეს გახლავთ ეკონომიკური ამნისტია და ბიზნესის დეკრიმინალიზაცია. წარსულიდან ბევრი რამ არ მომწონს, მათ შორის ის, რომ ვერ მოვახერხეთ ბიზნესი დაგვეცვა სამართალდამცველებისგან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გადაიდგას ნაბიჯი, რომელიც ამ მხრივ გარემოს უკეთეს გახდის. ეს არის ის ნაბიჯები, რომელთა განხორციელება დაგვეხმარება ქვეყანაში ბიზნესის განვითარებაში. ეს ბევრ სამუშაო ადგილს შექმნის”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით გამართული დებატები პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ შეაფასა. ,,ცხრა წელი ვისმენდით დემაგოგიას და ათი თვეა ყოველ ოთხშაბათს, განცხადებების რეჟიმში ვისმენთ იმ დემაგოგიას, რაც დღეს უბრალოდ გამეორების სახით მოვისმინეთ, არაფერი ახალი არ თქმულა. დღევანდელი დებატების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რა იქნებოდა, რომ არა პირველი ოქტომბერი, სად ვიქნებოდით, რომ არა ის გამარჯვება, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად ,,ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა პირველ ოქტომბერს. რაც მთვარია, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ ხართ, რა გაგიკეთებიათ, და რაც მთავარია იცის, რომ დღეს ქვეყანა სწორ გზაზე დგას. ეს არ არის ჩვენი განცხადება. ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადება და მათი შეფასება. არავითარი ეკონომიკური კატასტროფა არ ხდება, ბიუჯეტი შესრულდება და გაგრძელდება იმ სწორი კურსით სვლა, რაც ავირჩიეთ შარშან პირველ ოქტომბერს“,-განაცხადა მანანა კობახიძემ. მისი თქმით, ერთადერთი რისიც ხალხს ეშინია, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებაა. ,,ნამდვილად ვერ მობრუნდებიან. ეს დრო დასრულდა. აღმშენებლობა გაგრძელდება და კოჰაბიტაცია ნამდვილად დასრულდება 27 ოქტომბერს“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატები პარლამენტში 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა ოცზე მეტმა დეპუტატმა მიიღო. |