დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2013 18:41

საპარლამენტო კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს საქართველოს პარლამენტის 58 წევრის მიმართვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის, კარლო კვიტაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის აღძვრის თაობაზე. პროცედურის დაწყების ინიციატორებმა სხდომაზე წარმოადგინეს დოკუმენტური მტკიცებულებები და მიუთითეს კონკრეტული საფუძველი - პოლიტიკური პარტიის წევრობა, რაც ,,მაუწყებლის შესახებ“ კანონით განსაზღვრულია, როგორც ინტერესთა კონფლიქტი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა. ინიციატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ დარღვეულია ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ,,თანმდებოიბის პირის“ მიმართ წაყენებული მოთხოვნა. მათი განცხადებებით, წარმოდგენილი მტკიცებულებები ეყრდნობა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან და პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ მოწოდებულ დოკუმენტაციას, სადაც აღნიშნულია, რომ კარლო კვიტაიშვილი 2003 წლის 2 ნეომბრის არჩევნებში საარჩევნო ბლოკის ,,სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა“ მიერ პარტიული სიით წარდგენილი იყო ბლოკში შემავალი რესპუბლიკური პარტიიდან, 2003 წლის 30 ნოემბრიდან დანიშნული იყო ცესკოს წევრად, 2005 წლის 7 ივნისიდან შეუწყდა ცესკოს მდივნის უფლებამოსილება, 2005 წლის 6 აგვისტოდან 2013 წლის 24 აპრილამდე იგი იყო საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური გაერთიანების ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმომადგენელი. კარლო კვიტაიშვილი არ დაეთანხმა სხდომაზე წარმოდგენლ არგუმენტაციას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის აღძვრის თაობაზე და განაცხადა, რომ მიმართვის ინიციატორების მიერ ხდება კანონის ინტერპრეტაცია. საპარლამენტო კომიტეტებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის, კარლო კვიტაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის აღძვრის თაობაზე საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას. 

ერთობლივი სხდომის დასრულების შემდეგ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა იმსჯელა საქართველოს პრეზიდენტის მიერ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ გიორგი ჭოლაძის, თეიმურაზ ღოღობერიძისა და დავით თუთბერიძის კანდიდატურებზე და მხარი დაუჭირა აღნიშნული საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად, თამბაქოს ნედლეულის და ნაწარმის იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან 2015 წლის 1 იანვრამდე. კანონის მოქმედი რედაქციით, თამბაქოს ნედლეულის იმპორტი გადასახადისგან გათავისუფლებულია 2014 წლის 1 იანვრამდე, ხოლო თამბაქოს ნაწარმის იმპორტი 2013 წლის 1 ივლისამდე.
კომიტეტმა სხდომაზე იმსჯელა ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების საკითხზე. პროექტით, კანონს ემატება მუხლი, რომლითაც სამუშაო დროის ხანგრძლივობიდან და ზეგანაკვეთური სამუშოს ანაზღაურებიდან გამონაკლისები წესდება იმ კატეგორიის დასაქმებულისთვის, რომელიც მმართველ თანამდებობაზე მუშაობს და რომლის შრომის ანაზღაურება საარსებო მინიმუმის ათმაგ ოდენობაზე ნაკლები არ არის. კანონპროექტი ითვალისწინებს ამ კატეგორიის დასაქმებულის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შერულების პირობების შრომითი ხელშეკრულებით დადგენას, იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმებული უზრუნველყოფილია შესაბამისი დამცავი მექანიზმით. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყებას.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2013 12:01