იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2013 20:12

პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც ქრთამის მიცემას გულისხმობს; 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს და 363-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

აღნიშნულს „ამნისტიის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, რომელიც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომელთაც აღნიშნული დანაშაული 2009 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს. ამასთან, პირი თავისუფლდება დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული ფინანსური სარგებლის სახელმწიფოსთვის ანაზღაურების ვალდებულებისგან. 
პროექტის თანახმად, თუ პირის მიმართ არ არის დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, იმისთვის, რომ მან ისარგებლოს ამნისტიით, განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას. თუ ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად პირი ფლობს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ყალბ მოწმობას, მან უნდა მიმართოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
პროექტის თანახმად, პირი, რომლის მიმართაც აღნიშნული მუხლებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თუმცა, არ არის განაჩენი დამდგარი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.
კომიტეტის წევრების მიერ გამოითქვა შენიშვნა, რომ ამნისტია უნდა შეეხოს მხოლოდ იმ პირებს ვის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ თუ ამნისტია შეეხება იმ პირებსაც, ვის მიმართაც არ არის განაჩენი გამოტანილი, მაშინ უნდა გავრცელდეს მათთვისაც ვინც უკვე ზემოაღნიშნული დანაშაულებისთვის სასჯელს იხდის. ასევე, კომიტეტმა არასწორად მიიჩნია ამნისტიის გავრცელება მხოლოდ იმ პირებზე რომელთაც დანაშაული 2009 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს. კომიტეტი აღნიშნულ კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობას კვლავ გააგრძელებს.
კომიტეტის სხდომაზე I მოსმენით რამდენიმე ის კანონპროექტი განიხილეს, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს და რაც იმ ცვლილებებმა გამოიწვია, რომელიც 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს. ასეთი ცვლილებები განხორციელდა: „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“; „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებში. კომიტეტის წევრები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობას, II მოსმენით, ხვალ განაგრძობენ.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2013 11:59